ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა. ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. „მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა – ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით და ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან – ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლის და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში და ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები – ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა და ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა. წაბრძანდით ბაკურიანში და ნახეთ, ბაკურიანიც ჩაკეტილია ხომ?!თუმცა რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის აბსოლუტურად სავსე. რა გავაკეთეთ?! იყო „თეთრი ეკონომიკა“ და გადავედით შავზე – დავბრუნდით 90-იან წლებში. ველოდებით სულ ყველა სასტუმრო, რომ პირველი თებერვლიდან გავიხსნათ და უნდა გავიხსნათ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ – ჩვენ ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ“ ,- განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისივე განმარტებით, ოთხშაბათს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სექტორების წარმომადგენლებიც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ „სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება“.