ის, რაც გუშინ გაბუნიამ „მთავარი არხის” ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგისთვის, – ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე საკუთარი გადაცემის მონოლოგში გიორგი გაბუნიას განცხადებას.
„ის, რაც გუშინ გიორგი გაბუნიამ “მთავარი არხის“ ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგისთვის. მან თქვა, რომ ადრე თავისუფლები არ ვიყავით, მუდმივად “ნაცების“ საქმეს ვაკეთებდით და მხოლოდ ახლა გავთავისუფლდით.
მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე ამ შეკრებას არც დავსწრებივარ და მის შესახებ არც არაფერი გამიგია.
მე მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით, რომ “რუსთავი 2“-იდან მოყოლებული არასოდეს დამიმალავს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება არავის მიმართ, მათ შორის, არც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.
სწორედ, იმ პერიოდში ვწერდი სააკაშვილთან ყველაზე მწვავე ინტერვიუებს, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფალ პერიოდს ეძახის, არადა ჩემი თავისუფლების გარანტი არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, სხვათა შორის, თავად გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს არაერთხელ გამოუწვევია დიდი სკანდალი არხის გარშემო და გვარამიას ბოლომდე დაუცავს მისი გამოხატვის თავისუფლება, როგორც გარეთ, ისე თანამშრომლებს შიგნით”, – განაცხადა ეკა კვესიტაძე.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა ამავე არხის გადაცემაში „შუადღის ეთერში“ თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.