იმის 100%-იანი მოლოდინი, რომ გავიხსნებოდით, არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გავიხსენით და საბოლოო ჯამში, მოგვეცა რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირების საშუალება, ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისის“ ხელმძღვანელმა, ნიკა ცინცაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყო მეტი საათები, იქნებოდა უმჯობესი, მაგრამ ის, რაც არის, არაფერს სჯობს.
„ჩვენი მოლები აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, წუთობრივად ვითვლით შემომსვლელთა რაოდენობას, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ადამიანთა განლაგება, შევზღუდავთ ან დავუშვებთ ხალხს. ეს საკმაოდ ადვილია. უბრალოდ, დავამატებთ, დაცვის თანამშრომლებს გავაძლიერებთ და ვფიქრობთ, რომ მარტივად გავართმევთ თავს“, – აღნიშნა ნიკა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ.