“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგია” ხუთ მიმართულებას მოიცავს: ინსტიტუციური და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციების და კვლევების ხელშეწყობა, სამეწარმეო უნარის განვითარება და ინფორმირება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძის განცხადებით, ამ ძირითად მიმართულებებზე მუშაობა მომდევნო ორ წელიწადს მოიცავს.
მისივე განმარტებით, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებშიც სხავადასხვა უწყბები ჩაერთვებიან, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო კოორდინირებას გაუწევს.
”ამ ღონისძიებების მიზანია მეწარმეების უნარების განვითარება და მათი ინტერნაციონალიზაცია, რათა მათ საკუთარი პროდუქტი ევროკავშირის ბაზრებზე გაიტანონ”, – განაცხადა ქავთარაძემ.
მისივე ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის.
”აღნიშნული პოლიტიკის ინდექსში საქართველომ 17-დან 7 კომპონენტში საუკეთესო შეფასება მიიღო. ეს დადასტურებაა იმ ქმებედებების, რაც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ამასთან ერთად გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი რაშიც სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაგვეხმარება”, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.