LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირღვევა თუ არა საქართველოში მომხმარებელთა უფლებები და როგორ დაარეგულირებს მას კანონი

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად უნდა გაუმჯობესდეს. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობა თავდაპირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, თუმცა, ამავე წლის 8 მაისს შეწყდა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა აღნიშნულ კანონზე მსჯელობა 2013 წლის თებერვლიდან ხელახლა დაიწყო. კანონპროექტი ბოლოს 2015 წელს იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა და პლენარული სხდომისთვის წარდგენასაც მხარი დაუჭირა, თუმცა, აქედან 3 წლის შემდეგაც კანონპროექტი მიღებული არ არის და ამჟამად, მისი მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს.

რატომ ვერ მოხერხდა კანონპროექტის მიღება 6 წლის განმავლობაში

რამდენიმე დღის წინ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ ღიად დაადასტურა, რომ დოკუმენტი პარლამენტში დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, რის შემდგომაც პროექტმა მნიშვნელოვანი გადამუშავება განიცადა.

წინააღმდეგობებზე, რომელსაც კანონპროექტი წააწყდა, საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ყველაზე დიდი სირთულე ბიზნეს სექტორის ნაწილის პოზიცია გახდა. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსაც.

„ყველაზე დიდ წინააღმდეგობას კანონპროექტი წააწყდა ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან. თვითინ მთავრობის და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც იყო წინააღმდეგობა და მათი ხედვა ბოლო პერიოდამდე არ შეცვლილა  ეკონომიკის რეგულირებასთან დაკავშირებით. მიაჩნდათ, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკაში ჩარევა, უკეთესია. პრინციპში მეც ვფიქრობ, რომ ასეა, მაგრამ გააჩნია ამას როგორ გაიგებ, არის საკითხები, რომელშიც ჩარევა აუცილებელია და ბაზარი თავად ვერ არეგულირებს. მომხმარებლის უფლებები, ეს არის საკითხი, რომელშიც სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს, ამის გარეშე უფლებების დაცვა არსად ხდება და ამის ევროპული გამოცდილება არსებობს. ევროპული მოდელი მთლიანად რეგულირებაზეა აგებული, ეს არის საბაზრო  ეკონომიკა, ოღონდ ძალიან მკაფიოდ რეგულირებული. ეს პირველ რიგში კეთდება მომხმარებლისთვის და ამით მაღლდება ბიზნესის კონკურენტუნარიანობა,“ – ამბობს ვახტანგ კობალაძე.

„ფორტუნა“ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციას, დამსაქმებელთა ასოციაციას და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მხოლოდ დამსაქმებელთა ასოციაციაში გააკეთეს და დაადასტურეს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ახლაც ნეგატიური პოზიცია აქვთ. როგორც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა მიშა კორძაციამ „ფორტუნასთან“ განაცხადა, გადამუშავებულ ვერსიას არ იცნობს, თუმცა იცნობს 2 წლის წინანდელ კანონპროექტს. მიშა კორძახია აღნიშნავს, რომ ის, რაც დოკუმენტში იყო გაწერილი, ისედაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ახალი დოკუმენტის მიღების საჭიროება საერთოდ არ დგას.

 

ირღვევა თუ არა მომხმარებელთა უფლებები საქართველოში და გვჭირდება თუ არა რეგულირება

„გაყიდული პროდუქტი უკან არ ბრუნდება“ – მსგავსი შინაარსის ტექტს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში კონსულტანტების მხრიდან წლების წინ ხშირად მოისმენდით. ბოლო პერიოდში მარკეტინგული ტენდენცია შეიცვალა და სავაჭრო ობიექტებმა ნივთის დაბრუნებისთვის გარკვეული პერიოდი დააწესეს. თუმცა, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შეძენილი საქონლის დაბრუნების, გადაცვლის, შეკეთების წესებს სავაჭრო ობიექტები განსხვევბულად აწესებენ და ხშირად მომხმარებელი უსამართლო პირობებში ხვდება. ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, სურსათთან დაკავშირებით 2018 წელს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა  93 (პრეტენზია ან კითხვა), ხოლო 2017 წელს 188 მიმართვა მიიღო,  მომხმარებლის უფლებების დაცვის სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, 2018 წელს 66, ხოლო 2017 წელს 109 მიმართვა.

„სტრატეგიული კვლვებისა და განვითარების ცენტრში“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას იცნობენ და ამბობენ, რომ მისი მიღება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში.

„შეიქმნება სხვადსხვა ტიპის დაცვის მექანიზმები, იქნება ეს საგარანტიო პირობების დაცვა, მომხმარებლის მოტყუებისგან, უსამართლო ხელშეკრულებისგან დაცვა თუ სხვა.

წინა ვერსიაში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ მომხმარებელს შეეძლო უნაკლო პროდუქტის დაბრუნებაც გარკვეულ ვადაში. ეს იყო თავდაპირველად ორი კვირა, რომელიც შემცირდა 7 დღემდე და ამან გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება, ახლანდელ ვარიანტში ეს ჩანაწერი აღარ არის. მოქმედი კანონპროექტით ნაკლის არ მქონე პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დისტანციურად არის შეძენილი, ან სარეწის გარეთ“, ვთქვათ, ქუჩაში შეძენილი პროდუქტი.

დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ბიზნესი თავად აწესებს საგარანტიო პირობებს, იმის მიუხედავად კანონით რა უნდა იყოს, დღევანდელი პროექტით ეს გამორიცხულია, უსამართლო პირობებით ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.

ამჟამად ნაკლიან პროდუქტს მაღაზიაში ძალიან მოკლე ვადაში თუ დააბრუნებთ, ეს ვადა როცა გადის, მომხმარებელს სთავაზობენ ნივთის შეკეთებას, თუ შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელი ვერაფერს აკეთებს და უნდა დაიტოვოს ნაკლიანი ნივთი. ამ კანონპროექტით ეს პრობლემა მოგვარდება და დაბრუნების ვადა ხანგრძლივი იქნება.

კიდევ ერთი პრობლემაა აგრესიული და შეცდომაში შემყვანი მარკეტინგი და ეს იქნება შეზღუდული. ჩამონათვალია აქტივობების, რომელიც პროდუქტის და მომსახურების გაყიდვისას შეზღუდული იქნება, მაგალითად ფასდაკლების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება,“ – ამბობს ვახტანგ კობალაძე.

განსხვავებულად ფიქრობენ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“. ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიხეილ კორძახია განმარტავს, რომ პროდუქციის დაბრუნების შესაძლებლობა მარკეტინგის საკითხია, რომელიც ისედაც ბევრ სავაჭრო ქსელში მოქმედებს და ამას რეგულირება არ სჭირდება.

 

„წინა ვერსიის მიხედვით, მომხმარებელს შეეძლო მიებრუნებინა ნაყიდი საქონელი თავისი სურვილისამებრ და აქ არანაირ წუნდებულ პროდუქტზე არ არის საუბარი. ეს მარკეტინგის საკითხია და არა სავალდებულო რეგულაციის.

რაც შეეხება ახალ ვერსიას, რა მნიშვნელობა აქვს მაღაზიაში მაქვს შეძენილი თუ ქუჩაში? ან ქუჩაში ნაყიდი როგორ უნდა მივაბრუნო, ამის აღსრულება როგორ უნდა მოხერხდეს? აბსურდამდე მივდივართ. რაც შეეხება ინტერნეტით შესყიდვას, ძირითადად უცხოეთიდან ყიდულობენ, რანაირად უნდა მოახერხონ, რომ იქ, სადღაც საზღვარგარეთ დააბრუნონ და სადაც ისედაც იბრუნებენ, იქ რა პრობლემაა?

ეს არის მარკეტინგული საკითხი, დღესაც არიან საქართველოში სავაჭრო ქსელები, რომლებიც იბრუნებენ რამდენიმე დღეში და არ არის საჭირო ყელაფერზე რეგულაცია,“– აღნიშნავს მიხეილ კორძახია.

კანონპროექტის ბოლო ვერსიის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო იქნება ის სტრუქტურა, რომელიც მომხმარებლის განცხადების საფუძველზე მოკვლევას ჩაატარებს და დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი მომხმარებლის უფლებების დარღვევას. ამ სტრუქტურის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება სასამართლოს გარეშე, უფრო მარტივად მოაგვაროს პრობლემა. კანონპროექტის წინა ვერსიის თანახმად, ასეთად მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი მოიაზრებოდა, რომელსაც გარდა საკითხის შესწავლისა და ზოგადი რეკომედაციის გაცემისა, სხვა ფუნქცია არ ჰქონდა. კანონპროექტის ახალი ვერსიით, კონკურენციის სააგენტოს პრობლემის დასარეგულირებლად ქმედითი მექანიზმები ექნება, მისი მითითება იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეწარმე მომხმარებლის უფლების დარღვევისთვის დაჯარიმდება. თუმცა, როგორც ვახტანგ კობალაძე ამბობს, დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში მითითებული არ არის ჯარიმის ოდენობა.

ერთ-ერთი ვარიანტია, რომ იქნება პროცენტული წილი წინა წლის შემოსავლიდან, თუმცა, რა ოდენობის პროცენტი დაწესდება, არ არის მითითებული. მოვაჭრის წლიური ბრუნვის გარკვეული პროცენტი იქნება,“ – აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კობალაძის თქმით, კანონპროექტში დაზუსტებას საჭიროებს არის ის, თუ ვის შეუძლია უფლების დარღვევაზე კონკურენციის სააგენტოს მიმართოს და რამდენად დაცული იქნება თითოეული მომხმარებლის უფლება. როგორც კობალაძე ამბობს, კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში არის დათქმა, რომ კონკურენციის სააგენტოს შესაძლებელია მიმართონ იმ შემთხვევაში, როცა საუბარია უფლებების დარღვევის „კოლექტიურ შემთხვევაზე“.

„ანუ, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს უნდა იყოს არა ერთი, ცალკე აღებული, ინდივიდუალური შემთხვევა, არამედ, მომხმარებელთა  ჯგუფს უნდა მიადგეს ზიანი,“- ამბობს ვახტანგ კობალაძე.

დამსაქმებელა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ არც ომბუდსმენის ინსტიტუტის და არც კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არ უნდა იყოს მომხარებლის უფლებების დაცვა და ამისთვის მომხმარებელმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

თუ კი ზიანი მიადგა მომხმარებელს, რატომ არ უნდა მიმართოს სასამართლოს? აღმასრულებელი ხელისუფლება რა შუაშია ამ კუთხით, თუ სასამართლო ხელისუფლებას არ ვენდობით? ეს არის სასამართლო რეფორმის საკითხი. თუ რაიმე ხარვეზია სასამართლოში პროცედურულად, ის უნდა გამოსწორდეს, არ უნდა იყოს საჩივრის განხილვის ვადა, 3 წელი, უნდა იყოს 1 თვე პირობითად,“ – ამბობს მიხეილ კორძახია.

გარდა ამისა, მიხეილ კორძახია გარკვეულ რისკებსაც ხედავს, რომ მაკონტროლებელი ორგანო შესაძლოა, ბიზნესზე ზეწოლის ბერკეტად იყოს გამოყენებული.

„ეს ბიზნესზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ყოველ დღე არის ჩემპიონობის სტარტი აღებული, რომ რაც შეიძლება შეზღუდონ ბიზნესი. კონკურენტუნარიანობას ზრდის თავისუფალი ბაზარი და მეტი ვერაფერი. რისკების გაჩენის საფრთხე არსებობს, იგივე კორუფციული ნეგატივები, გარკვეული ინტერესები ბიზნესის მიმართ. ერთგვარ ბერკეტად იყენებენ ხოლმე ასეთ მაკონტროლებელ ორგანოებს, იმის მიხედვით თუ როგორი დემოკრატიაა ქვეყანაში,“ – აღნიშნავს მიხეილ კორძახია.

საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით რეგულაციების მიღების ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლამდე აქვს აღებული, თუმცა ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ მისი მიღება ავტომატურ რეჟიმში გამოქვეყნებას არ ნიშნავს, რადგან ამოქმედების ვადები ასოცირების ხელშერკულებით გათვალისწინებული არ არის.

ამჟამად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, (GIZ)-ის სამართლის პროგრამის კოორდინირებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება. ანგარიში მომავალი 3-4 თვის განმავლობაში მომზადდება. კომიტეტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვას სექტემბერ-ოქტომბერში აპირებს, ხოლო კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

 

თაკო ივანიაძე