LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი თურმანიძე: „იმედია, ვარჯიშის დაწყებას მალე შევძლებთ“

518
93323003-3167578983276179-8967556710893879296-n

რადიო „ფორტუნას“ სტუმარია საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე.

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ დრო დაგვითმეთ და მინდა ტრადიციული კითხვით დავიწყო: როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი?

ისე დაემთხვა, რომ კარანტინის პერიოდი დიდად არ მიგრძვნია, რადგან სწორედ მაგ პერიოდში მხარზე ოპერაცია გადავიტანე, 40 დღე ხელი დაფიქსირებული უნდა მქონოდა და მაინც შინ უნდა ვყოფილიყავი. ასე რომ, კარანტინის პერიოდი სახლში გავატარე, რეაბილიტაციას გავდიოდი.

როგორც გვახსოვს, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ, თუ არ ვცდები, აპრილში მიმართა ხელისუფლებას შეკრების ნება მიეცათ, თუმცა შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცით. ვარჯიშობთ თუ არა უკვე და რა შეზღუდვებით?

ჯერჯერობით ვარჯიში არ განგვიახლებია, თუმცა იმედია ეს მალე მოხდება, რადგან წელს გველის რამდენიმე ტურნირი. სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმისთვის, რათა ფორმას დავუბრუნდეთ და შემდეგ მოვუმატოთ, აუცილებლად გვჭირდება შეკრების ჩატარება. პროფესიონალმა მწვრთნელებმა უნდა გვავარჯიშონ, რათა ისევ დავდოთ ის შედეგები, რომლითაც ყველა ვამაყობთ. ამ დროისათვის მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ვიცით, რომ წელს დარჩენილია გარკვეული მნიშვნელოვანი ტურნირები, მათ შორის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებიც. დღეისათვის თუ არის ცნობილი კონკრეტული თარიღები ან რაიმე გადაწყვეტილება თუ არის უკვე მიღებული?

დიახ, აპრილში უნდა ჩატარებულიყო ბოლო სალიცენზიო ტურნირი, ევროპის ჩემპიონატი, რომლისთვისაც მოსკოვს უნდა ემასპინძლა. გავრცელებული ცნობით, ეს ტურნირი ოქტომბერში გაიმართება, თუმცა ამ ეტაპზე ველოდებით ოფიციალურ დასტურს, რათა ვიცოდეთ წელს ჩატარდება ეს ტურნირი თუ მომავალი წლის აპრილში. სულ 4 შეჯიბრებაა ჩანიშნული შემოდგომაზე, სწორედ ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება ვარჯიშის განახლება. როგორც მოგეხსენებათ, ძალოსნები თითქმის მთელი წელი შეკრებაზე ვართ, მხოლოდ ახალ წელს ვისვენებთ ორი კვირით. ასე რომ, უზარმაზარი პაუზა გამოგვივიდა, რამაც იმის მიუხედავად, რომ სახლის პირობებში ვაგრძელებდით ვარჯიშს, ცუდად იმოქმედა ჩვენზე. მინდა ვთხოვო სახელმწიფოს, რამენაირად დაგვეხმაროს და ხელი შეგვიწყოს.

მინდა გკითხოთ ჩაქვის დარბაზის შესახებ. ჩაქვში უნდა აშენდეს საერთაშორისო სტანდარტების ბაზა ძალოსნებისათვის, რომლის მშენებლობაც თებერვალში უნდა დაწყებულიყო. რა ვითარებაა ამ დროისათვის, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა?

დარბაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ბოლოს კონტაქტზე სამი დღის წინ გავედით და გვითხრეს, რომ ყველა საბუთი მზად არის, პროექტიც მზადაა, ველით მშენებლობის ნებართვას. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გადაწყდეს და მშენებლობაც ალბათ მალე დაიწყება. ეს დარბაზი ჩვენთვის, განსაკუთრებით ძალოსნების მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება დღეს, ამდენი წლის შემდეგაც იყოს ელემენტარული პირობების არარსებობის პრობლემა. იმ დარბაზში, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს რაიონში, არანაირი პირობა არ არსებობს. იმისთვის, რათა ჩვენი სპორტი განვითარდეს, აუცილებელია ნორმალური სავარჯიშო პირობები იმისათვის, რათა კიდევ არაერთი ქართველი ძალოსნის შედეგებით ვიამაყოთ მომავალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები