საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსადმი საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც შოთაძემ წარდგენისას აღნიშნა, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა, ხოლო სხვა დანაშაულებზე 22%-ის შემთხვევაში.
„საპატიმრო და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების დათვლისას მნიშვნელოვანია ოჯახური დანაშაულების საქმეების გამოყოფა. ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ჩვენ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახორციელებთ, ვინაიდან რეციდივის ალბათობა და ძალადობის დამძიმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენ ასევე გავაანალიზეთ მოთხოვნილი საპატიმრო და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები წლების მიხედვით ოჯახურ დანაშაულებზე და სხვა დანაშაულებზე. ოჯახურ დანაშაულებზე ყოველწლიურად საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებელი ჩვენი მხრიდან იზრდება, ხოლო სხვა საქმეებზე მცირდება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ჩვენ მოვითხოვეთ საქმეების 85%-ის შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაშაულებზე 22%-ის შემთხვევაში“,- განაცხადა შოთაძემ.