LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაისურაძის ცხოვრება ინსულტის შემდეგ და ოცნების სახლი, სადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად გადავიდა: „ერთმანეთის დაფასება კიდევ უფრო ვისწავლეთ…“

37929
ირაკლი მაისურაძე

ცნობილ ტელეჟურნალისტს, ირაკლი მაისურაძეს ახლახან ინსულტი ჰქონდა, თუმცა დროულად აღმოჩნდა კლინიკაში და ექიმებმა მისი მდგომარეობის დასტაბილურება ძალიან მალე მოახერხეს. ირაკლის სამსახურში სტრესისა და ხშირად გადაბმული მუშაობის გამო შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. ახლახან ის ოჯახთან ერთად დიღომში საოცნებო სახლში გადავიდა, რომლის პირველი სართულიც უკვე მოაწყვეს, მეორეს კი საკუთარი ხელით აკეთებენ. 

ირაკლი მაისურაძეს მეუღლესთან, მაგდა წულაიასთან ერთად შევხვდით. 

ირაკლი, ასეთ მხიარულ ადამიანს როგორ დაგემართა ეს ამბავი?

ვერ გეტყვი ზუსტად – წლების განმავლობაში დაგროვებული დაღლილობაა ამის ერთ-ერთი მიზეზი. დღემდე ვამბობ, რომ ოთხსაათიანი ძილი მყოფნის, მაგრამ ალბათ, მე მიმაჩნდა ასე, ორგანიზმს არ ჰყოფნის. ძალიან დიდი ხანი გროვდება. კიდევ ერთი მიზეზი კოვიდია, ბევრი რამ ვისწავლე ამ დაავადებაზე, ის ურტყამს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ძალიან აზიანებს, ჩემი რეკომენდაციაა, რომ მსუბუქად გადატანის შემთხვევაშიც კი ერთი წლის განმავლობაში აკონტროლონ თავი. კოვიდი არის ვირუსი, რომელიც ამტვრევს ორგანიზმს და გადის – დაღლილობისა და წლების განმავლობაში დაგროვებული სტრესის გარდა, კოვიდიც არის ჩემი ინსულტის მიზეზი. მე ასე მიმაჩნია.

მაგდა: 

ოცი წელია, ერთად ვართ და სულ სამჯერ ჰქონდა შვებულება, ალბათ, ნათელია ყველაფერი. მისთვის ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი. მისი მეორე ცოლი მე ვარ, პირველი – სამსახური იყო. როცა იყო პროდიუსერი, დილის ან ღამის ეთერის, გადაბმულად უწევდა მუშაობა, 48 საათიც კი გადაუბია. ბევრჯერ არ გამოუცვლია პერანგი და არ დაწოლილა, რადგან მერე ვეღარ გაიღვიძებდა.

ირაკლის რომ ინსულტი დაემართა, ვიფიქრე, რომ ვქვრივდებოდი. ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ ასეთ ენერგიულ ადამიანს ასეთი რამ დაემართებოდა. მას შეეძლო, ღამე გაეთენებინა, მერე წასულიყო და სრულიად უხარვეზოდ ემუშავა. სახლში ვიყავით, დიღომში, სადაც რემონტი გვქონდა. გვინდოდა, გამათბობელი საშუალებები ჩაგვერთო, რომ კედლები გამოგვეშრო. მანამდე მითხრა, რომ თავი სტკიოდა. ვიფიქრე, რომ 24-საათიანი დატვირთვის გამო დაღლილი იყო. გაგვიმართლა, რომ იქ არ დავრჩით. ტაქსით რომ წამოვედით, მითხრა, სასწრაფოში დავრეკოთო, რაც ცხოვრებაში არ უთქვამს და მაშინ მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი. როცა სასწრაფო მოვიდა, ძალიან ნელა საუბრობდა. როცა თქვეს, საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო, მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. რომ გავდიოდით, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა, მეტყველებაც არეული ჰქონდა.

ირაკლი:

საავადმყოფოში მომხედეს და მომიარეს, ძალიან მადლიერი ვარ „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმების, ძალიან მომწონს ეს კლინიკა. დილას რომ გავიღვიძე, ფაქტობრივად, უხარვეზოდ ვიყავი, ჩემს ექიმსაც გაუკვირდა. გამიმართლა, დროულად მივედი და პროფესიონალების ხელში მოვხვდი. ორ კვირაში უკვე ეთერში ვიყავი. უმოძრაობა, წყნარად და მშვიდად ყოფნა არ შემიძლია. მეორე დღიდან შემართებით ყოფნას ვცდილობდი. ძალიან აქტიურად ვიყავი თავად საავადმყოფოშიც. ჩემს თავზე მეცინება. ალბათ, ვერასდროს გავჩერდები. ძილის დროსაც მგონია, რომ დროს ვკარგავ, რის დროს ვკარგავ, არ ვიცი – ყველაფერი მოსწრებული მაქვს. ასეთი ხასიათი მაქვს – სულ წინ უნდა წახვიდე და არასდროს უნდა გაჩერდე. როგორც კი დაისვენებ, ეგრევე გაზარმაცდები. ოჯახი მყავს და ჩემი გაჩერება არ შეიძლება.

მაგდა, ვერ ისწავლა ხომ ჭკუა?

მართალი გითხრა, გამიხარდა, რომ ეს დაემართა, რასაკვირველია, დროულად რომ მოგვარდა… ოცი წელია, არ დაუსვენია, ღამე ადამიანურად არ დაუძინია, შვებულება ისე არ ჰქონია, რომ რამე არ ეკეთებინა პარალელურად.

ირაკლი, წელს გექნება შვებულება?

შვებულება მე უკვე მაქვს – ვიყიდე საკუთარი სახლი და ჩემი ბავშვობის და ჩემი და მაგდას ერთობლივი ოცნება აგვისრულდა. სოფელ დიღომში ვიყიდეთ, ცენტრში, ძალიან კარგ წყნარ უბანში მიწა, სადაც იდგა სახლი. ქალაქშიც ვართ და ქალაქგარეთაც ვართ. სოფელ დიღომს თავიდან არ ვაქცევდით ყურადღებას, ჩემმა მეგობარმა გვითხრა, აგვიყვანა და ძალიან მოგვეწონა. ჰექტრობით მიწა არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ შვებულებაც კი გაატარო. ცხოვრების ხარისხი გიუმჯობესდება, დილით ჩიტები ჭიკჭიკებენ, არაშემაწუხებლად და ნაზად მამალი ყივის, თავხედი მამალი არ არის (იცინის), კარგია… ყველამ კარგად იცის, რომ საკუთარ სახლს ბევრი ფინანსები უნდა და ამ სახლმაც წაიღო, მაგრამ პატარა კურორტი სახლი გვაქვს. ორსართულიანია, საკმაოდ დიდი გამოვიდა, იმაზე დიდი, ვიდრე გვინდოდა. ვფიქრობ, შენობასაც კი აქვს თავისი სული და ამ სახლმა მიგვიღო, კარგი აურა აქვს, სახლს ვუყვარვართ, ჩვენც გვიყვარს.

მიწათმოქმედებასაც მისდევ, ასე მგონია…

ვერ გეტყვი, რომ ბარით მოხიბლული ვარ, მაგრამ სულ ვზრუნავ, რომ ლამაზი ვარდი ვიპოვო და დავრგო, მსხვილი ქლიავი, შავი ვაშლი, დეკორატიული ხეები – ამ ყველაფერს ვეძებ და ამ დროს ბარი მიყვარს. მგონი, მშენებლობასაც კი ვისწავლი, რადგან ძვირდება და ძვირდება მასალები. ბევრი მშენებლობა, რაც ჩვენ ახლოს მიმდინარეობდა, გაჩერდა, მოვახერხე, რომ პირველ სართულზე შევქმენი საცხოვრებელი პირობები.

მაგდა:

გვაქვს ჩაფიქრებული დეკორატიული ნალესი და აგურით მოპირკეთება. ფონი იქნება თეთრი, იატაკი იქნება ხის ფერი. ყვავილები – ყველგან.

ირაკლი:

ჩვენ ხომ პატარა ზოოპარკი გვყავს სახლში და ყველაფერი უნდა იყოს მედგარი. „ტიკ-ტოკს“ დავუჭირე დიდი მუღამი და იქ ვნახე, საღებავია მარგალიტის ეფექტით, შიგნით თეთრი ქვიშაა არეული, ამას რომ კედელზე წაუსვამ, ფაქტურიანია, ძალიან ლამაზი ეფექტების მიღება შეგიძლია, მარტივად შეძლებ თავად გაკეთებას. ხელოსანზე არ მენანება ფული, მაგრამ მინდა, თავად მოვსინჯო იმ ტუტორიალების შესაბამისად.

რაც ბოლო დროს მოხდა თქვენ ცხოვრებაში,ამან თქვენი ურთიერთობა როგორ შეცვალა?

მაგდა: 

ირაკლის ჯანმრთელობის პრობლემამ უფრო ფრთხილი გამხადა. ზოგადად, ცხოვრებაში არ ფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგო, ახლა უკვე მეშინია, რომ როცა თავი სტკივა, რამეში არ გადაიზარდოს. ბავშვების მიმართაც შემეცვალა დამოკიდებულება ამ მხრივ.

ირაკლი: 

ერთმანეთის დაფასების პრობლემა არასდროს გვქონია, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად ვისწავლეთ. მაგდა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, არ ვარდება ისტერიკაში, როცა რაღაც ხდება. მდგომარეობიდან ძილით გამოდის. როცა კლინიკაში შემიყვანეს, პალატისკენ რომ გავყავდი, მაშინ რომ დავინახე მაგდა, მივხვდი, რომ შეშინებული იყო, მანამდე მობილიზებული იყო. ვიცი, რომ მაგდას ეშინია და არ აჩენს, დასანახად რომ გამოაქვს, იშვიათი შემთხვევაა. უფრო მეტად ვისწავლე იმის დაფასება, რაც მაქვს. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვისწავლე ის, რაც აქამდე არ შემეძლო – პრობლემის ფეხებზე დაკიდება. ექიმმა მითხრა, რომ არაფერზე ვინერვიულო. ძალიან ძნელი აღმოჩნდა ამის გაკეთება, მაგრამ მკურნალობის კურსივით მივყვები. ყველას ვურჩევ, რომ ინერვიულონ მხოლოდ იმაზე, რაც ამად ნამდვილად ღირს, ისიც ცოტა ხანს – წაინერვიულეთ ფარმაზონობისთვის, გულგრილი რომ არ გამოჩნდეთ და მერე დაიწყეთ ამ პრობლემის გადაჭრა (იცინის).

წლები ოჯახი როგორ შეინარჩუნეთ?

მაგდა: 

ერთად გვიწევდა ყველაფრის კეთება. ცხოვრების განმავლობაში ძალიან მწყდებოდა გული, რომ ზოგს საერთოდ არ უწევდა ბრძოლა, რომ რაღაც მოეპოვებინა. მე მეცხრე კლასიდან ვმუშაობდი, ირაკლიმაც ნულიდან ააწყო ყველაფერი, არაფერი დაგვხვედრია, შევქმენით ყველაფერი ნულიდან – ეს ძნელიც იყო და ურთიერთობებშიც სირთულეებს იწვევდა. ახლაც, გამორიცხულია, ირაკლიმ რაიმე გადაწყვეტილება ისე მიიღოს, რომ აზრი არ მკითხოს, ან ერთად არ განვიხილოთ. ბევრი რამ მზამზარეული რომ არ დაგვხედრია, ამან ჩვენს ურთიერთობაზე, ვფიქრობ, დადებითად იმოქმედა.

ირაკლი: 

როცა ერთად აკეთებ, საინტერესოა, მარტო შეიძლება დაიღალო, მოგწყინდეს… გამიმართლა იმაში, რომ მაგდა შემხვდა – მიზანმიმართულია, ჯიუტია და გამოწვევას ბოლომდე იღებს. ზოგჯერ ამბობს, უკან უნდა დავიხიო, ეს არ გამომდისო, ორი-სამი დღე გავა და აუცილებლად მიუტრიალდება იმას, რისი გაკეთებაც უნდოდა, სულ სხვა კუთხიდან მოუვლის და მაინც გააკეთებს, მარტივად გადაჭრის ხოლმე. ალბათ, ჟინიანები ვართ, საინტერესო იყო და არის, საინტერესოდ კი ჩვენ ვაქცევთ, ციდან არ ცვივა არაფერი. როცა საერთო მიზანი გაქვს – აი, ეს სახლი, მაგალითად, რომელიც არ მექნებოდა, მაგდას რომ არ მოენდომებინა, ეს ურთიერთობებს ამყარებს. ჩვენი სახლი გავყიდეთ იმისთვის, რომ ეს გვეყიდა – მაგდამ გადაწყვიტა, რა ფასის კლიენტიც მოვიდა, მისთვის მიეყიდა, მე კი ვზუზუნებდი და ვწუწუნებდი. სწრაფად გავყიდეთ და სწრაფად ვიყიდეთ. ეს მაგდას დამსახურებაა. უფრო იაფად მინდოდა მეყიდა, მაგრამ ახლა რომ ვამბობ, რა ფასად ვიყიდე, მეუბნებიან, ყარაულის თოფივით გაგივარდაო. ამიტომ ვამბობ, რომ ბევრ რამეში მიმართლებს – პირველი მეუღლეში გამიმართლა, მერე ძალიან ჯიუტი გოგო გამიჩნდა, მერე იმაზე ჯიუტი ბიჭი, მომწონს, რომ საკუთარი აზრი და მიზნები აქვთ  ცხოვრებაში… საინტერესო ოჯახი ვართ (იღიმის). ჩვენზე რეალური შოუც არ იქნებოდა უინტერესო (იცინის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები