LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გაკვეთილი იყო – ექსპერტი

158
2b07c3cfac5c8794ed0f42e977c98ef7_thumb

ირაკლი კვარაცხელიას კისრის არეში სტრანგულაციური ღარი აღენიშნებოდა. ეს დამახასითებელია თოკის, რაიმე მავთულის ან სხვა მსგავსი საგნისთვის, რომელიც კვალს ტოვებს სტრანგულაციური ღარის სახით კისრის მიდამოებზე, – ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა ირაკლი თოიძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, კვარაცხელიას ცხედარს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს, ექსპერტიზა უკვე ჩატარებული ჰქონდა. დაზიანებები, რაც კვარაცხელიას სხეულზე აღენიშნებოდა, თვითმკვლელობის შედეგადაა მიყენებული თუ მკვლელობის, ამას საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უპასუხონ.

მისი თქმით, ამაზე წინასწარ, ვარაუდის დონეზე დასკვნებს ვერ გააკეთებს, ვინაიდან ექსპერტიზა მხოლოდ დაზიანებებს აღწერს. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა საბოლოო ლაბორატორიულ დასკვნებს მიიღებს, საერთო ანალიზით შესაბამის შედეგს/დასკვნას დადებენ. მისი თქმით, საბოლოო დასკვის გაკეთებას კი ექსპერტიზა ერთი თვის ვადაში შეძლებს.

ექსპერტის განმარტებით, გარდაცვლილის სხეულზე ელექტროშოკის კვალი არ შეუმჩნევია.

„რაც შეეხება დაზიანებებს, როდესაც გვამი ჩვენთან შემოვიდა, გაკვეთილი იყო. პირველადი ექსპერტიზა ალბათ სოხუმში იყო ჩატარებული, საიდანაც გადმოასვენეს. ჩვენთან ექსპერტიზა ხელმეორედ ჩაუტარდა. დაზიანებებს რაც შეეხება, სხვა, მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში მარცხნივ სისხლნაჟღენთის სახით, ასევე მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, შუბლთან – რა სახის დაზიანებებია მათი გარკვევა და წარმოშობის მიზეზი ცოტა საეჭვო იყო, იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იყო. ამიტომ, ამ მიდამოებიდან გვამური მასალა იქნა აღებული და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული,“ – განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები