LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის ბრალდებები მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას: ISFED

83
Untitled design (4)

“კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს “სამართლიან არჩევნებზე” ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას.” – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ხმების პარალელური დათვლის გაყალბების თაობაზე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ეხმიანება და მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებები კიდევ ერთხელ გაისმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში” ამბობენ, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და  პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან:

“მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს.

“სამართლიანმა არჩევნებმა” არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სამართლიან არჩევნებში” ასევე განმარტავენ, რომ გამოვლენილ ხარვეზზე ორგანიზაციის მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები