უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან პარლამენტი თბილისში გადმოვა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ერთი სასახლე ჰქონდეს და ის დედაქალაქში იყოს. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შსს-ს აკადემიის გადატანა მოხდეს.
“დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და საბოლოო ჯამში, ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება მისი ერთ შენობაში არსებობა. სასახლე არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ეს არის მისი ერთ-ერთი სიმბოლო. შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და დაფუძნებული იყოს დედაქალაქში. ჩვენ თავიდანვე გვქონდა საუბარი, საქმე ეხებოდა მხოლოდ ვადებს და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი 2019 წლის 1 იანვრიდან თბილისში გადმოვა. ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური ინტერაქცია უნდა იყოს პარლამენტსა და მთავრობას შორის. ეს შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა ერთ ქალაქშია და პარლამენტი – მეორეში“, – განაცხადა კობახიძემ.