ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. NGO-ებს შეეშინდათ, რომ მათ ლევან იოსელიანის ისე დაქვემდებარება გაუჭირდებოდათ, როგორც თავის დროზე მარტივად ნინო ლომჯარია დაიქვემდებარეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან სამი დეპუტატი ქალის მიმართ შესაძლო ბულინგთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„სჯობს, კომენტარი გააკეთოს თავად ლევან იოსელიანმა, რომელმაც ამხილა ზოგადად, NGO-ები ბულინგში, რომელიც სამი დეპუტატი ქალის მიმართ წარმოებდა. მე უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ესენი იყვნენ ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე ნეგატიური განცხადება გამოაქვეყნეს მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით, 10-15 NGO. ესენი არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია.
„მიზეზი არის ერთი – მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში, აქედან გამომდინარე, მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანის დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე,“ – განაცხადა კობახიძემ.