LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე : ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი საუბარი ჯანი ბუკიკიოსთან

139

„საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს, ბათუმში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ და მისმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის ირგვლივ საქართველოში კონსესუსი შემდგარიყო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

“კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ბატონ ჯანი ბუკიკიოს შესანიშნავი დასკვნისთვის, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, მისი განცხადებებისთვის. ყველაფერი გააკეთა ვენეციის კომისიამ და პირადად ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო კონსესუსი საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო საქართველოში, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ, საბოლოო ჯამში, ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საბოლოოდ საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება,რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი საუბარი ვენეციის კომისიის კომისიის პრეზიდენტთან. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან იმისთვის,რომ საბოლოო ჯამში, შევჯერდეთ ისეთ სამართლებრივ სისტემაზე საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარ დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით,საქართველოს კონსტიტუცია იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

 „საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არცერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა. ყველა მუხლთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური. ეს კონსტიტუცია, ეს დოკუმენტი აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მიზანი არის პირდაპირ ასახული ქვეყნის ძირითად კანონში და ზუსტად ეს განაპირობებს ამ დოკუმენტის ლეგიტიმურობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები