დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის.
„კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.
18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. ანწუხელიძე 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა, ის სასტიკი წამების შემდეგ ცემით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა.
ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, ის, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული”. ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.