LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა რიკოთის უღელტეხილის ავტობანი ფასიანი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის

165

იქნება თუ არა რიკოთის უღელტეხილის ავტობანი ფასიანი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

როგორც “ფორტუნას” რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე, უცნობია პროექტის დაწყების და დასრულების ვადები. დადგენილი არ არის არც მშენებლობისთვის საჭირო თანხის ოდენობა.

,,რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენებაა საჭირო. ეს მონაკვეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთი ურთულესია. როდესაც პროექტირება დასრულდება ვადებისა და საჭირო თანხების შესახებაც მაშინ გვექნება ინფორმაცია”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, ჯერჯერობით, დასრულებულია მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხები განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ დონორთა კონფერენციაზე.

“დონორთა უმრავლესობამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ამ დროისათვის, გრძელდება დონორებთან  წინასწარი  მოლაპარაკებების პროცესი, აღნიშნული მონაკვეთის დეტალური პროექტირების სამუშაოების დაფინანსებაზე. პარალელურ რეჟიმში განიხილება პოტენციურ დონორებთან მშენებლობის დაფინანსების საკითხი. წინასწარი ტექნიკურ–ეკონომიკური  შესწავლის   შედეგად   მომზადებული ალტერნატიული მოსაზრებებიდან, საბოლოოდ შეირჩა მიმართულება, რომელიც ძირითადად, არსებულ გზას  მიუყვება. ზუსტი მარშრუტი დადგენილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ”, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.