LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Iphone+ VS აიტექნიკი: არასამთავრობო ორგანიზაცია ტექნიკის მაღაზიების სკანდალს ეხმაურება

259

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” „Iphone+”-ისა და „აიტექნიკის” სკანდალს ეხმაურება. ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს და თემასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის მიმართ. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებით დაირღვა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამასთან მისი ქმედება ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტს და მის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებას. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ შპს „აიტექნიკი” დაფუძნდა 2011 წელს ვალერიან ცერცვაძის მამის და ცოლის ძმის მიერ, ხოლო დღეის მდგომარეობით კომპანიის 100%-იანი წილი მის ცოლის ძმას ეკუთვნის. მოსამართლის მეუღლე კი ამავე კომპანიის მენეჯერია. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „აიტექნიკი”-ს მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა კონკურენტი კომპანია „Iphone+”-ის ანგარიშები და ქონება. დავის მონაწილე „Iphone+”-ის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გავლენიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია ამ საქმის შედეგით. ამასთან, “Iphone+”-ის დირექტორის განცხადებით, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო მასზე განხორციელებული ზეწოლისა და თვალთვალის გამო.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფს რაიმე სახის პერსონალურ კავშირს აღნიშნულ კომპანიასთან, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომლიდანაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული სამსახურეობრივი ავტომობილი ნამდვილად გამოყენებულია ხსენებული შპს “აიტექნიკი”-ს ერთ-ერთ კომერციულ რეკლამაში. აღსანიშნავია, რომ ამავე რეკლამაში ავტომობილს მართავს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომელი. გარდა ამისა, კომპანიასთან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პერსონალური კავშირები ასევე დასტურდება ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ვალერი ცერცვაძემ 2013 წელს საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთა კომპანია „აიტექნიკის” (იმდროინდელი სახელი შპს „გრინეფლი ჯორჯია”) სესხის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების ნომერი ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების ფარგლებში ჩვენ არ ვაფასებთ შპს „აიტექნიკ”-თან დაკავშირებულ სასამართლოში მიმდინარე კონკრეტული დავის შინაარსს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამსახურეობრივი შესაძლებლობების ბიზნეს კომპანიის სასარგებლოდ გამოყენების დადასტურებული შემთხვევა საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს სასამართლოს თავმჯდომარის დაინტერესებაზე ამ კომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო დავის შედეგითაც.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული ავტომობილის ამგვარი გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საჯარო რესურსებით არამიზნობრივ სარგებლობას და არღვევს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას. ამასთან, აღსანიშნავია ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომელიც კრძალავს თანამდებობის პირის მიერ თავის ახლო ნათესავთან ქონებრივი გარიგების დადებას. სასამართლოს თავმჯდომარის სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული ავტომობილის კომერციულ რეკლამაში მონაწილეობა თავისი არსით ქონებრივი გარიგებაა და მატერიალურ სარგებელს აძლევს მისი ოჯახის ბიზნესს სახელმწიფო რესურსების ხარჯზე. მართალია, კომპანიის ამჟამინდელი ოფიციალური მესაკუთრე და დირექტორი (მოსამართლის ცოლის ძმა) კანონის თანახმად არ ითვლება მის ახლო ნათესავად, თუმცა აღნიშნულ კომპანიასთან სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის და ახლო ნათესავების კავშირები უდავოა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, შესაბამისმა ორგანოებმა ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვონ კომპანია „Iphone+”-ის წარმომადგენლის განცხადება მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან და თვალთვალთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები