კომპანია IOVerde მომხმარებელს ცოცხალი მცენარეებითა და ყვავილებით ინტერიერის შიდა გამწვანებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მენეჯრმა მაკო ზაქარეიშვილმა განუცხადა, IOVerde-ს აღნიშნული მცენარეები ესპანეთიდან ჩამოაქვს, თუმცა მათთვის ფორმის მიცემა ადგილობრივად ხდება.
” ჩვენი კომპანიის დიზაინერები ყველანაირი ზომის ვერტიკალურ ბაღებსა და ტენტორიუმებს, ასევე სხვადასხვა ზომისა და ჯიშის ხეებს ქმნიან. IoVerde-ს უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული მცენარეები არ საჭიროებს მორწყვასა და მზის სხივს. ჩვენი ფლორისტული კომპოზიციები შესაძლებელია განთავსდეს ბნელ და უწყლო ადგილას. მცენარეები სპეციალურ ბიო სითხეშია დამუშავებული, ამიტომაც არ ხმება და ცოცხალ ღეროებს ინარჩუნებს”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეს ტექნოლოგია ინოვაციურია და ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, IOVerde-ს მომსახურებაზე ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
”მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის გამწვანება სულ ახლახანს დავიწყეთ, მოთხოვნა უკვე დიდია. გვაქვს შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ჩვენი დეკორაციები. უახლოეს მომავალში კი მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ. რაც შეეხება ფასებს, ინტერიერის გაფორმება კვადრატულ მეტრზე 350 ევრო ღირს. თუმცა, გააჩნია სირთულეს, მცენარეების რაოდენობას და სხვა”, – განმარტა კომპანიის მენეჯერმა.
მისივე ინფორმაციით, IOVerde სასაჩუქრე ყვავილების გამოშვებასაც გეგმავს. ვარდები, ქრიზანთემები და სხვა ყვავილები ყუთებში განთავსდება და ისინიც ბიო სითხეში დამუშავდება, შესაბამისად, არ გახმება და მყიდველს მუდმივად ექნება.