რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც იოსელიანი წერს, რუსული აგრესია არსად არ წასულა და სამხედრო თავდასხმისგან გასული დროის მიუხედავად, რუსი ოკუპანტები ისევ საქართველოს ტერიტორიაზე დგანან და ტერიტორიულ მთლიანობას ისევ არღვევენ:
“ჩემთვის დაუჯერებელია, რომ რომელიმე ქართველს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს იმაში, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტერი.
14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ომიდან, რომელსაც ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა უამრავი ადამიანი.
თუმცა, სამხედრო თავდასხმისგან გასული დროის მიუხედავად, რუსი ოკუპანტები ისევ ჩვენს ტერიტორიაზე დგანან, ისევ არღვევენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ე.წ საზღვრის პირას მცხოვრები ადამიანის უფლებებს.
რუსული აგრესია არსად არ წასულა, ისევ მასთან ერთად ვცხოვრობთ.
ჩემთვის დღევანდელი დღე, პირველ რიგში იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნის დასაცავად გაწირეს.
დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს!” – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.