LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორები საქართველოში მიწას ონლაინ შეიძენენ

188

უცხოელი ინვესტორები საქართველოში მიწის შეძენას  ონლაინ-რეჟიმში შეძლებენ. ამაში მათ საინვესტიციო პლატფორმა ”აგროპარკი” დაეხმარებათ.

როგორც ”ფორტუნას”  ინოვაციური სტარტაპის ”აგროპარკის” შემქმნელმა გიორგი ნაკაშიძემ განუცხადა,  კეთდება ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება მცირე მიწის ნაკვეთები, თავისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით.

”პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქართველმა ფერმერებმა შეძლონ საკუთარი მეურნეობის განვითარება და დამატებითი შემოსავლის მიღება. ”აგროპარკის” ფარგლებში დაინტერესებული ფერმერები, საკუთარი მიწის გარკვეულ ნაწილს მიყიდან უცხოელ ინვესტორს, თუმცა ისინი დარჩებიან ამ მიწის მმართველები და  კვლავინდებურად განაგრძობენ ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის მიღებას. გარდა ამისა, ინვესტორი ვალდებულია, რომ მათ ყოველთვიურად ხელფასიც გადაუხადოს”, – აღნიშნა ნაკაშიძემ.

მისივე ინფორმაციით, არც ერთი ფერმერი, რომელიც გაყიდის მიწას, არ დარჩება უმუშევარი, რადგან ინვესტორსა და ფერმერს შორის გაფორმდება მენეჯმენტის კონტრაქტი. ”აღნიშნული პლატფორმა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. დაინტერესებული უცხოელი,  ყიდულობს პატარა ნაკვეთს, სადაც მიღებული მოსავლისგან  სარგებელს იღებს. თავის მხრივ, ფერმერი საკუთარი ნაკვეთის გაყიდვის მიუხედავად, კვლავ ამუშავებს ამ მიწას, მოსავლისგან შემოსავალს, გაწეული სამუშაოსთვის კი  სტაბილურ ხელფასს იღებს”, – განმარტა ”აგროპარკის” დამფუძნებელმა.

როგორც გიორგი ნაკაშიძემ აღნიშნა, გასაყიდი მიწის ნაკვეთი 50-დან 100 კვადრატულ მეტრამდე იქნება,  მისი ღირებულება კი 150-200 დოლარი.  პროექტის განხორციელებისთვის, იდეის ავტორი, პირველ რიგში ვებ-გვერდის განვითარებას გეგმავს, სადაც მიწის ნაკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება და მათი ონლაინ ყიდვა შესაძლებელი გახდება.  ამასთან, ნაკაშიძე საქართველოს რეგიონებში ვიზიტს და დაინტერესებული ფერმერების მოძიებას აპირებს.

”მოგეხსენებათ, ”აგროპარკმა”  სახელმწიფო პროექტის ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში გაიმარჯვა. მას შემდეგ რაც დამტკიცდება გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თანხა, უკვე ბიზნეს-იდეის პრაქტიკაში განხორციელებაც დაიწყება”, – განაცხადა გიორგი ნაკაშიძემ.

”აგროპარკის” შემქმნელი, პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, აგროსექტორის საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობასაც გეგმავს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: agropark.ge