ინტერნეტის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უახლოეს დღეებში მიიღებს. კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინფორმაციით, ზეპირი მოსმენა ამ საკითხზე კომისიაში უკვე გაიმართა.
ახალი რეგულაციით, ინტერნეტის პროვაიდერი ვალდებული იქნება, აბონენტთან დადებულ კონტრაქტში ყველა პარამეტრი მიუთითოს, მათ შორის, ინტერნეტის სიჩქარე. ინტერნეტის სიჩქარის კონტროლს აბონენტი მარეგულირებლის მიერ შექმნილი აპლიკაციით შეძლებს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდიდან სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ექნება, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს ინტერნეტის სიჩქარე და შეადაროს კონტრაქტში მითითებულ პარამეტრებს.
კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია გაფრთხილება, მეორე შემთხვევაში – ფინანსური სანქცია, მესამე შემთხვევაში კი ჯარიმა 270 000 ლარს აღწევს.