LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტ თაღლითობა – ვინ და როგორ იპარავს თქვენს ფულს და რა უნდა იცოდეთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ

401
თაღლითბა მთავარი.jpg

რაც უფრო დრო გადის, იზრდება სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან ჩივილი, რომ ონლაინ შოპინგის ან სხვა ფინანსური ოპერაციების დროს, ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ერთადერთი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის ისაა, რომ პირადი ინფორმაცია არასდროს უნდა ვანდოთ უცხო პირებს, მათ შორის არც საბანკო ბარათის მონაცემები, თუმცა არაერთი შემთხვევაა, როცა მოქალაქეებს გვიჭირს გარჩევა, ვინაა თაღლითი და ვინ – არა. როგორც გაირკვა, მომხმარებლების ნაწილმა ამის შესახებ ინფორმაცია “საზოგადოება და ბანკებს” მიაწოდა, რადგან მათ საბანკო ბარათებიდან უცნობმა პირმა თანხები მოხსნა, იყო სესხის აღების შემთხვევებიც. ჩვენ დავინტერესდით არა მხოლოდ კონკრეტული ქეისებით, არამედ ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ მთავარი – როგორ უნდა დაიცვათ თავი ინტერნეტ თაღლითობისგან, რა უნდა გაითვალისწინოთ და არსებობს თუ არა სამართლებრივი გზა, რომ დამნაშავეს პასუხი აგებინოთ.

 

 

ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევები 

 

პირველ რიგში მოგიყვებით , რა სახის ინტერნეტ თაღლითობის ფაქტები არსებობს, რათა თქვენთვის უფრო თვალსაჩინო იყოს, რა ტიპის საქმეები უნდა გაითვალისწინოთ. ეს ფაქტები ჩვენ “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ მოგვაწოდა.

როგორც გაირკვა, ზოგადად, მსგავსი შემთხვევები იმ დროს იკლებს, როცა ფინანსური ინსტიტუტები იწყებენ გააქტიურებას და მომხმარებლებს აფრთხილებენ, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტ თაღლითობისგან.

აღმოჩნდა, რომ პირები, ვინც აპირებენ ამა თუ მოქალაქეს თანხა მოპარონ, ახალ-ახალ გზებს და ხერხებს მიმართავენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, მოიპოვონ თქვენი ნდობა სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული შემთხვევაა, როდესაც რომელიმე ქართულ სავაჭრო პლატფორმაზე ნივთს გასაყიდად განათავსებთ და თქვენ სავარაუდო მყიდველი გიკავშირდებათ.

როგორ მუშაობს ეს სქემა: მას შემდეგ, რაც ნივთს განათავსებთ გასაყიდად, გიკავშირდებათ თაღლითი, თითქოს მყიდველია და სურს ნივთის შეძენა. ის გეუბნებათ, რომ მზადაა, გადაიხადოს წინასწარ ავანსი და ამისთვის თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს გთხოვთ, რაც თანხის ჩასარიცხად საჭირო საერთოდ არაა. საკმარისია, მხოლოდ ანგარიშის ნომერი მისცეთ, რაც საფრთხეს არ შეგიქმნით.

სამწუხაროდ, როგორც “საზოგადოება და ბანკებში” გვითხრეს, ხშირად, მომხმარებელი იმ კონკრეტულ მომენტში ისეთი ნდობით განეწყობა უცნობის მიმართ, რომ საკუთარი ბარათის მონაცემებს აძლევს. ეს კი, თაღლითს აძლევს საშუალებას, რომ თქვენი ანგარიშიდან არა მხოლოდ თანხა მოხსნას, არამედ საბანკო სესხიც კი აიღოს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, ამ დროს ბანკს რა შესაძლებლობა აქვს, რამდენად შეუძლია გარკვეული ინფორმაციის გადამოწმება და რა როლი მთელ ამ პროცესში – ამ კითხვებზე სწორედ “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გვპასუხობს.

 

 

როგორ უნდა დაიცვათ თავი ინტერნეტ თაღლითობისგან 

 

ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე გვეუბნება, რომ დაცვის მთავარი ბერკეტი ჩვენს ხელშია.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ასეთი ფაქტები არ დამალოს. გარდა ამისა,  უნდა შეატყობინოს მომსახურე ბანკს, რომელი ბანკის ბარათითაც ცდილობს თაღლითი თანხის მოხსნას. ჩვენ ვსაუბრობთ სესხის აღების შემთხვევებზეც. ვიცით, რომ შესაძლებელია ონლაინ სესხის მიღებაც. გაითვალისწინეთ, რომ ბანკი ხედავს მხოლოდ იმას, რომ თქვენი მონაცემები შეჰყავთ შესაბამის გრაფაში. ბანკმა არ იცის, რომ თქვენი ანგარიშიდან ვიღაც სხვა პირი შევიდა. მას არც აქვს ჩვენს ანგარიშებზე წვდომის უფლება. იცით, რომ ელემენტარული გადარიცხვაც რომ სთხოვოთ, სპეციალური კოდის გარეშე, რასაც თქვენ ეუბნებით, პირადი ბანკირიც ვერ ნახავს თქვენს ანგარიშებს.

ასეთი საქმეების გამოძიება რთულია. ბანკისთვისაც პრობლემაა, ის ფულს კარგავს და ასევე რეპუტაციულადაც ზიანდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ შემთხვევაში, არასდროს მიაწოდოთ თქვენი პირადი ინფორმაცია უცნობს, არც საბანკო ბარათის ნომერი. თუ მაინც ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდით, შეატყობინეთ თქვენს მომსახურე ბანკს, რომელიც შემდეგ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევა. ეს არის ძირითადი რჩევები”, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

ჩვენ ამ თემაზე ცოტა ხნის წინ გადაცემა “კანონის ფარგლებში” ვესაუბრეთ იურისტსაც, რომელმაც გვითხრა, რომ ონლაინ შოპინგის დროს მსგავსი ქეისები ყველაზე ხშირია.

“ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, შეისწავლოთ კარგად ის, ვისგანაც ნივთის გამოწერას აპირებთ. როდესაც შედიხართ გვერდზე, ეცადეთ რეალური მომხმარებლების კომენტარები მოძებნოთ. ხშირად, შედიხართ, ფოტოების ქვეშ არ ხედავთ კომენტარებს, ცოტა მოწონებას და ა. შ. ან არ არის კომენტარები, ან გაჩვენებთ რამდენიმე კომენტარს და ვერ კითხულობთ, ანუ წაშლილია კომენტარები. იმისთვის, რომ გაარკვიოთ ეს მომწოდებელი რამდენად სანდოა, სოციალური ქსელი ამის საშუალებას იძლევა. მეორე რჩევაა – ისეთი გვერდიდან გამოიწეროთ, რომელიც უკვე გამოცდილია თქვენი მეგობრების მიერ. ან შეგიძლიათ პირადობა გამოართვათ. ასევე როცა ანგარიშზე რიცხავთ, ამის გარკვევაც არაა დიდი პრობლემა, ვის ანგარიშზე რიცხავთ. ასე რომ, ამ მხრივ, ბევრი გზა არსებობს, რათა თავი დაიცვათ”, – აცხადებს სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თათია დოლიძე. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები