ღვინო, რომელიც სპეციალურად მუსიკისთვის შეიქმნა და ალბომი, რომელიც ღვინის დაგემოვნების დროს მოსასმენად ჩაიწერა – ახალი პროექტი ცნობილი ქართველი მუსიკოსისგან და ავტორ-შემსრულებლისგან.
„კახაბერის ღვინო“ – უკვე ამ სახელით მოიხსენიებენ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ ღვინოს, რომელიც კახაბერმა (კახა ცისკარიძე) ბიზნესმენ გია პირადაშვილთან თანამშრომლობით შექმნა. ახალ პროექტთან დაკავშირებით FORTUNA.GE-მ კახაბერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
„მე და გია 2 წელი ვფიქრობდით ამ პროექტზე, პანდემიამ ხელი შეგვიშალა და გეგმები დაგვიპაუზა, თუმცა, ბოლოს მაინც შევძელით, რომ ქართული ღვინის ბაზრისთვის სრულიად ინოვაციური და უნიკალური ღვინო შეგვეთავაზებინა. საწყის ეტაპზე, 200 ბოთლი ღვინო ჩამოისხა, ეს არის „ახმეტის მწვანე“ – რაოდენობა, როგორც უკვე გითხარით, ლიმიტირებულია და ის ჯერჯერობით, მხოლოდ ჩემს შოურუმში და „შატო მერეში“ იყიდება. თუმცა, ცხადია, ვაპირებთ ამ ღვინის სერიულ წარმოებას და მის უფრო მეტად მასშტაბურ რეალიზაციას. უახლოეს პერიოდში, დავამატებთ ვარდისფერ ღვინოსაც“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას კახაბერი.
ის ღვინის წარმოების იდეის გაჩენაზეც ამახვილებს ყურადღებას: „როცა გია პირადაშვილმა მოისმინა ალბომი „ქალაქური ფოლკლორი“ ხანუმების შესრულებით, გადაწყვიტა, რომ ამ ალბომისთვის შეექმნა ღვინო. ეს არის მუსიკისთვის შექმნილი ღვინო. სხვათა შორის, ჩვენი ღვინის ბოთლზე დატანილია სპეციალური QR კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაშიც, ღვინის სმის პროცესში თქვენ ისმენთ მუსიკას, სწორედ „ქალაქურ ფოლკლორს“, – აღნიშნა ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა.
მისივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ ეს პროექტი უპრეცედენტო და ინოვაციურია ქართული ბაზრისთვის, თვითონ ღვინო არის უგემრიელესი, ძალიან ხარისხიანი და რაც მთავარია, ზაფხულის სეზონისთვის შექმნილი.
კახაბერმა fortuna.ge-სთან „ძველი ბათუმის მარკეტის“ (OLD BATUMI MARKET) პროექტზეც ისაუბრა. „ვემზადებით OLD BATUMI MARKET-ის გახსნისთვის. როგორც იცით, ეს არის სპეციალურად აჭარის რეგიონისთვის შექმნილი პროექტი, რომელიც ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, მეწარმეების ხელშეწყობას ემსახურება. „ძველი ბათუმის მარკეტი“ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე იმართება, რომლებიც გადაიკეტება ხოლმე და შაბათ-კვირას როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს საინტერესო სანახაობას სთავაზობს. ღია ცის ქვეშ გამოფენა-გაყიდვა იმართება ადგილობრივი, მხოლოდ ქართული ნაწარმის. ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის, რომ ეს პროექტი საზოგადოების დაკვეთაა და ამ პროექტმა ბათუმის რამდენიმე ქუჩას, სადაც ის იმართება, კულტურული დატვირთვაც შესძინა. წლევანდელი OLD BATUMI MARKET-ისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და ივლისის მეორე ნახევრიდან, ნოემბრის ბოლომდე, ყოველ შაბათ-კვირას ვუმასპინძლებთ ჩვენს სტუმრებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ქალაქის ფესტივალი“, – აცხადებს კახაბერი.
რაც შეეხება ცნობილი ქართველი მუსიკოსის კიდევ ერთ ბიზნესსაქმიანობას – ეს მისი ტანსაცმლის ხაზი Kahaberi Clothing -ია.
„მიხარია, რომ ჩემმა ბრენდმა არამარტო გაუძლო პანდემიას, არამედ განვითარება არ შეუწყვეტია და ახალ მწვერვალებს იპყრობს. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი, როგორც ხელოვანს მიხარია, რომ ქუჩაში უამრავი ადამიანი მხვდება ჩემი სამოსით. ეს არის საქართველოში შექმნილი სამოსის პირველი ბრენდი, რომელიც მუსიკოსს ეკუთვნის და ვამაყობ, რომ დიდ მოწონებას იმსახურებს“, – ამბობს კახაბერი. მისივე ინფორმაციით, Kahaberi Clothing -ის შოურუმი ამჟამად მხოლოდ ბათუმშია წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ, მისი გახსნა თბილისშიც იგეგმება.
„ჩემი შოურუმი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ყველა ტიპის სამოსი იყიდება. ეს არის ადგილი, რომელიც წარმოაჩენს მთელ საქართველოს, მის კულტურას, ხალხს. არაორდინარული ფორმატი აქვს ამ შოურუმს და ის ძალიან ხშირად სხვადასხვა კულტურული აქტივობის მასპინძელია. ამიტომ, ჩემი როგორც შემოქმედის მიზანი სწორედ ქართული კულტურის პოპულარიზაციაა“, – დასძენს „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ცნობილი მუსიკოსი.