ინგლისში ვიდეოგამეორებების შესაძლო დანერგვაზე მსჯელობენ. გამოცემა ”ტელეგრაფის” ცნობით, პრემიერლიგაში უკვე მიმდინარეობს ვიდეოგამეორების ტექნოლოგიების საცდელი, არაოფიციალური გამოცდა. ორმა ექსპერტმა უკვე 12 შეხვედრაში ისარგებლა ამ ინოვაციით და დადგინდა, რომ თითოეულ მატჩში მსაჯებმა მინიმუმ ორი საკამათო გადაწყვეტილება დააფიქსირეს, რომელსაც ვიდეოგამეორების შემთხვევაში არ მიიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური გამოცდის პირობებში ასისტენტებს არ შეუძლიათ ჩაერიონ მატჩის მსვლელობაში და კონტაქტი იქონიონ მთავარ არბიტრთან.
თუ პროექტს წარმატებულად მიიჩნევენ, მისი განხორციელება შესაძლოა მომდევნო სეზონიდან დაიწყოს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა პრემიერლიგა არ იყოს პირველი ტოპ-საფეხბურთო ლიგა ევროპაში, სადაც ვიდეოტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რადგან იტალიის მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ სერია ა-ში ეს სიახლე დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან დაინერგება.