„ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი რეკორდსმენია: მან ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი. რეკორდი 28 წლის ფორვარდმა „მანჩესტერთან“ საშინაო შეხვედრაში დაამყარა.
„დიდ ყურადღებას მაქცევდნენ, მაგრამ ვცდილობდი ამისთვის მე არ მიმექცია ყურადღება. ჩემი ფიქრები რეკორდით არ გადამიტვირთავს, რადგან ეს თამაშზე იმოქმედებდა. ამის შესახებ მაშინ ვიფიქრებ, სახლში რომ მივალ, მაგრამ როდესაც მოედანზე გავდივარ, იქ მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული“, – აღნიშნა თავად ფეხბურთელმა BBC Sport-ის ეთერში.
მე-11 გოლით ვარდიმ „მანჩესტერის“ ჰოლანდიელი ფორვარდის რუდ ვან ნისტერლოის რეკორდი დაამხო. ნისტერლოი პირველი იყო, ვინც ვარდის წარმატება მიულოცა.
„ყოჩაღ! – ახლა შენ ნომერი პირველი ხარ და ეს დაიმსახურე“, – დაწერა ჰოლანდიელმა ინსტაგრამზე.