LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2022 წლის ბიუჯეტი 104.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა

118
ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 103.5 პროცენტით, ანუ 104.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, 2022 წლის შედეგებით, უწყებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას სამი მილიარდ 79.1 მილიონი ლარი მოახმარა და ამით 104.1 მილიონი ლარით გადააჭარბა 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს (2 975.0 მლნ ლარი), 565.6 მილიონი ლარით კი – წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ათვისებული 2 513.5 მილიონი ლარი მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენდა, რომელიც 2022 წელს 23 პროცენტით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც წლიური ბიუჯეტების დაზუსტებულ გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 1 954.9 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 105 პროცენტი); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 630.3 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101 პროცენტი); შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 445.2 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101 პროცენტი); შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30.7 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 100 პროცენტი).

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ისტორიულ მაქსიმუმზეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტიც და სამ მილიარდ 331 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 12 პროცენტით აღემატება.