„გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს”,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. ის, თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს. გარდა ამისა, ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ელოშვილმა.
როგორც ელოშვილმა განმარტა, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას ემსახურება.
„ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და ემსახურება იმ მიზანს, რომ პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.