„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება“. მისივე თქმით, „მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით“.
„მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია!
არც ერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის შექმნილი არ არის. რა თქმა უნდა, პროგნოზირება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და სრულიად წარმოუდგენელ ციფრს თუ გავიხსენებთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, მაშინ ეს პრობლემა აუცილებლად გვექნება. დღეისთვის 1400 საწოლია თავისუფალი. უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში საწოლები პაციენტებისთვის მოიძებნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.