რისკ-ჯგუფში შემავალი მოქალაქეების რაც შეიძლება სწრაფად აცრა მესამე, ე.წ. “ბუსტერ-დოზით – ეს არის მორიგი მიზანი, რომლის განცორციელებასაც ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს.
გეგმის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ ისაუბრა და თქვა, რომ შტატები აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს.
“შეერთებული შტატები მუშაობს, რათა კოვიდვაქცინის დამატებითი, მესამე დოზა რაც შეიძლება სწრაფად შესთავაზოს იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა, რადგან ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება.” – თქვა ფაუჩიმ.
ამ ეტაპზე, აშშ-ის მოსახლეობის 50.5 % სრულად არის ვაქცინირებული.
შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები გასულ კვირასთან შედარებით, 43%-ით არის გაზრდილი.
4 აგვისტოს კი 100 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო 6 თვის განმავლობაში.
დღითიდღე იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლის ხელისუფლებაც მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის მესამე დოზით ვაქცინაციას გეგმავს. მათ შორის არის ისრაელი, გერმანია, უნგრეთი და საფრანგეთი.
ამ გადაწყვეტილების პარალელურად კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე “ბუსტერ” დოზებზე მორატორიუმი გამოცხადდეს.
“ეს მნიშვნელოვანია, რათა თითოეული ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 10% პროცენტი მაინც აიცრას ორჯერადად. მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, მაშინ როცა მდიდარი ქვეყნები მესამე დოზით აცრას იწყებენ. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ეს ტენდენცია და ვაქცინების უმეტესობა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისკენ უნდა მიემართოს.” – ამბობს ჯანმო-ს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.