ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ის 57 ახალი შემთხვევიდან 8-ის ინფიცირების წყარო უცნობია, ხოლო 25 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.
“კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“, 14 პაციენტის ინფიცირება დაკავშირებულია ბათუმთან, 18 პირი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 4 პაციენტის ინფიცირება უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას, ინფიცირების 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 პაცინეტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე სხადასხვა კოვიდცენტრებში მკურნალობს 469 პაციენტი. აქედან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4 პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 18, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში 22 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ერთის კი მძიმე.
ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა არ გვაქვს, ეს მხოლოდ შემთხვევების მატებაა, რომელიც შიდა ტურიზმს უკავშირდება. ეზუგბაიას ვარაუდით, მეორე ტალღას ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ.
“ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, “კოვიდ 19″-ის თანხვედრა მოხდება სეზონურ ინფექციებთან. ამ პერიოდში მოსალოდნელი იქნება ვირუსის მეორე ტალღა. ამ ეტაპზე ქვეყანაში მეორე ტალღაზე ვერ ვილაპარაკებთ, ეს არის შემთხვევების მატება, რომელიც შიდა ტურიზმთან არის დაკავშირებული. მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება. მთავარია ასეულობით შემთხვევა არ გვქონდეს. ამისთვის კი უსაფრთხოების წესების დაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9.