LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინფექციურში ჩამოვიდა წვიმა, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა დოკუმენტაცია” – ცერცვაძე

616
fot

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცენტრის შენობაში, ძლიერი წვიმის დროს, ჩავიდა წყალი, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.

მისი თქმით, თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში.

“ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ქვეყანაში დღემდე ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს და გარდა ამისა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ინიციატორი და ძირითადი განმახორციელებელია. ცენტრმა ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით. ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანა აგრეთვე ქვეყანაში COVID პანდემიის დამარცხებასა და ლეტალური გამოსავლების მინიმიზაციაში.

2009 წელს შპს „ავერსი-ფარმამ“ წინა ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებით და ე.წ. რეიდერული მეთოდების გამოყენებით, ხოლო შემდგომში მოსამართლეებთან გარიგების შედეგად „ჩალის ფასად“ მიითვისა ჩვენი ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რის გამოც წლების მანძილზე საქმიანობა გვიხდება უკიდურესად მძიმე, კაბალურ და თან პერსონალის და ავადმყოფების ღირსებისშემლახველ და შეურაცხმყოფელ პირობებში – ასე ვთქვათ „ჯაყოს ხიზნების“ როლში. ჩვენ რამოდენიმეჯერ წამოვიწყეთ შპს „ავერსი-ფარმასთან“ სამართლებრივი დავა, რომლის დროსაც „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობა იძლეოდა სხვადასხვა დაპირებებს (რომ დაგვიბრუნებდა ტერიტორიის ნაწილს, სადაც შევძლებდით ახალი შენობის აშენებას და სხვ.), მაგრამ როგორც წესი გვატყუებდა და ამ დაპირებებს არ ასრულებდა. ხოლო 2016 წელს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობამ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გარიგების გზით გამოატანინა ანეკდოტური განჩინება, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან სახელმწიფომ ჩვენი ცენტრი უკვე დააკმაყოფილა?! სათანადო მიწის ნაკვეთით და შენობა-ნაგებობით??!! შპს „ავერსი-ფარმას“ ადმინისტრაცია იქამდეც მივიდა, რომ გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს და მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახდეს.

ჩვენ იძულებული ვიყავით დროებითი გადახურვა გაგვეკეთებინა, მაგრამ ის ვერ უძლებს ძლიერ წვიმებს, რის გამოც ადმინისტრაციული შენობის ცალკეულ ოთახებში არაერთგზის ჩამოინგრა ჭერი, ჩამოვიდა დიდი რაოდენობით წყალი, გაფუჭდა ინვენტარი, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და საფრთხე შეექმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. უკანასკნელად ასეთი ფაქტი მოხდა ა.წ. 4 ივლისს, როდესაც ძლიერი წვიმის დროს ჩამოვიდა არამარტო დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, არამედ ჩამოინგრა კონსტრუქციებიც, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ხოლო თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები