ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს. მას ამჟამად მედიკოსები აკვირდებიან. მანამდე პაციენტი გუდაურში იმყოფებოდა.
ინფექცირუი პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტი შესაძლოა ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული.
კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია
“პაციენტი იმყოფებოდა გუდაურში, ასევე ბაკურიანში და 4 თებერვალს, როგორც თავად და მისი თანმხლები პირი გვეუბნება, აღენიშნა ტემპერატურის მომატება, რომელიც 38 გრადუსზე მეტი იყო. ჰქონდა ხველა, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ამის შემდეგ, მან მიმართა საელჩოს და მანამდე, ჩინელ ექიმებთან ონლაინ იტარებდა კონსულტაციას. მაგრამ, 4 თებერვლის შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუარესდა, აღარ დაკმაყოფილდა იმ კონსულტაციით და შემოვიდა ჩვენთან.
იმის გათვალისწინებით, რომ მას მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვს, ამას ემატება ის, რომ პაციენტი პეკინიდანაა ჩამოსული. ბუნებრივია, არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა ის, ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული,” -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე საეჭვო პაციენტია, რომელსაც ინფექციურ საავადმყოფოში ექიმები აკვირდებიან. მანამდე ინფექციურ საავადმყოფოს შანხაიდან ჩამოსულა ქალმაც მიმართა. მას გრიპის სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნება.