LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში მარადიორობის გამო პოლიციამ ცეცხლი გახსნა

89

ინდონეზიაში,  ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაისროლა- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ათეულობით მოქალაქემ მარადიორობა სცადა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გაუშვეს და რამდენჯერმე გაისროლეს ჰაერში.

როგორც BBC იუწყება ინციდენტი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ პალუში მოხდა.

ასევე, ცნობილია, რომ ქალაქის მოსახლოებას უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება სასმელი წყალი. მოქალაქეები საკვების დეფიციტს განიცდიან.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცმა პოლიციელებს ქვები ესროლა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა დაზარალებულები მაღაზიაში შეუშვეს, რათა სიტუაციის გამწვავებისთვის თავი აერიდებინათ.

ინდონეზიაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პარასკევს მოხდა. ძლიერმა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 1200 ადამიანი. თუმცა, ხელისუფლება შიშობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი საგრძნობლად მეტია.

ცნობისთვის, სამაშველო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა გუშინ 34 სტუდენტის ცხედრები იპოვნეს. კიდევ 52-ი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.მაშველები გადარჩენილებს ეძებენ 4- სართულიანი სასტუმროს ნანგრევებში, რომელიც მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა. სხვადსხვა ცნობით, შენობაში სტიქიის დროს 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ 12-ია ნაპოვნი.

დაზარალებულების დასახმარებლად პალუში მოქმედებს საველე ჰოსპიტალი, რადგან საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.

BBC-ის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სტიქიის შედეგად დაღუპულებს საერთო საფლავში მარხავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები