ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832 -მდე გაიზარდა. თუმცა ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, მაშინ, როდესაც მაშველები სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ დასახლებებში ჩააღწევენ. დაკარგულებს მაშველები 24 საათიან რეჟიმში ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ პალუში, სადაც ორი სასტუმროსა და ერთი სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი, მაშველებმა რამდენიმე გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს.
თუმცა, საგანაგებო სიტუაციების სამსახურში არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ჯერ ვერ ჩადიან სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს. მათი ვარაუდით, გარდაცვლილი შესაძლოა, ათასობით მოქალაქე იყოს.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთათვის 37 მილიონ დოლარს გამოყოფს.
7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა. სტიქიამ ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა. მთავრობა აცხადებს, რომ დაზარალებულების დასახმარებლად 37 მილიონ დოლარს გამოყოფს.