ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ინდოეთში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების მაღალ მაჩვენებელს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ინდოეთში მილიონ მოსახლეზე 142 COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილი ფიქსირდება, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და მილიონ მოსახლეზე 1015 გარდაცვალება ფიქსირდება.
მისივე განცხადებით, ქვეყნის ჩაკეტვა და კომენდანტის საათი გამოსავალი არ არის და საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინაცია, პირბადის მოხმარება, დისტანციის დაცვა და ჰიგიენა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
„სადაც ინდოეთზე ვდარდობთ ჩვენი თავიც ვიდარდოთ იქნებ გვაქვს სადარდებელი სამწუხაროდ. ინდოეთი: მილიონ მოსახლეზე 142 კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილი.
საქართველო: მილიონ მოსახლეზე 1015 კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილი.
ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს ჩემი სიცოცხლე, ვერ ვივლიდი ხალხმრავალ გართობებზე თამამად და დაუცველად. ნიშნისმოგებით არ ვამბობ და ნუ დამესხმებით თავს. გულწრფელად მტკივა გული იმის გამო რასაც ყოველ დღე ვუყურებ.
ჩაკეტვა და კომენდანტის საათი გამოსავალი არაა. გამოსავალი ჩვენს გონიერებასა და პასუხისმგებლობაშია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხე რეალურია, რომ ამ დაავადებით ადამიანები მართლა კვდებიან და რომ არც ერთი ჩვენგანის გართობის წუთები არ ღირს სხვების სიცოცხლედ.
“ადამიანები მანამდეც კვდებოდნენ” – უკიდურესად არაჰუმანური განცხადებაა. დიახ, მანამდეც არსებობდა სიკვდილი, მაგრამ უამრავ ადამიანს კოვიდმ-19-მა ჯანმრთელი ცხოვრების წლები წაართვა… არ გვაქვს უფლება უპასუხისმგებლოდ მოვეკიდოთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს, მხოლოდ იმიტომ რომ დავიღალეთ ახალი ცხოვრების წესით. ჩვენივე ხელშია რამდენ დროს გავატარებთ კარანტინებსა თუ პირბადეებში გამომწყვდეულები.
ერთადერთი გამოსავალი პრობლემის აღიარებაში და ქცევის ახალი წესების მორჩილებაშია. შეზღუდვები აღარ დაგვჭირდება თუ მარტივ, სინამდვილეში მართლა ძალიან მარტივ წესებს დავიცავთ: ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა…
ვერ გაამართლებენ ჩინოვნიკები უგუნურ რეგულაციებს თუ ჩვენ თვითონ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ.
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები
რაც მეტად ვუგულვებელყოფთ პრევენციის წესებს, მით მეტი საშუალება ექნება ვირუსს მუტაციის და ნაკლები შანსი გვექნება ადამიანებს ამ პრობლემის სწრაფად დაძლევის“, – წერს ნანა გეგეჭკორი.