LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია 13.48 საათზე დატოვეს

57

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია 13.48 საათზე დატოვეს.

როგორც ლია გიგაურმა განაცხადა, გამოძიების ფარგლებში უკვე ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ტოვებს ეს ორი მოსწავლე სკოლის ტერიტორიას. მისივე თქმით, გარდაცვლილი და დაჭრილი მოზარდები #51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. ლია გიგაურის განცხადებით, სკოლა და მანდატურის სამსახური მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდატურებმა სკოლის მოსწავლეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. მისი თქმით, მსგავს ფაქტს ჯერჯერობით არც ერთი მანდატური არ ადასტურებს.

“სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. უკვე ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები. კარგად ჩანს, თუ როგორ ტოვებს 13.48 საათზე სკოლის შენობას ეს ორი მოსწავლე თანაკლასელებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად, მშვიდად და წყნარად. მანდატურები არ ადასტურებენ ფაქტს, რომ მათ სკოლის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს ბავშვებს”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისთვის უცნობია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მისთვის უცნობია, მოხდა თუ არა მიმდებარე ქუჩაზე სხვა ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღება.