LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაშვილი განმარტავს, რატომ მართავს მოსკოვში შეხვედრებს: უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც

247
ინა

ირმა ინაშვილმა განმარტა, რატომ იმყოფება „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ირმა ინაშვილი რუსეთთან ნეიტრალიტეტის მომხრეა – როგორც პრორუსული პარტიის ლიდერი აცხადებს, მერე გვიან არ იყოს, ახლა არის დრო საქართველო დაელაპარაკოს კრემლს მშვიდობაზე, რაშიც ქვეყანამ პუტინთან აქტიურ კავშირზე მყოფი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ფაქტორი უნდა გამოიყენოს, რომ ქვეყანას უშუამდგომლონ.

ინაშვილი რუსული აგრესიის შედეგად, ომში გახვეული ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორად ასახელებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და მათი მთავრობის მხრიდან ყოველდღიურად ჩანს მცდელობა, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას.

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოდან რუსეთში იარაღი არ შედის.

“ომი საშინელებაა. ომი ტრაგედიაა. ომში, როგორც წესი, ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება. ისევ ვამბობ: შეძრული და დამწუხრებული ვართ, უკრაინის ტრაგედიის გამო და ისევ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში იგივე ტრაგედია არ უნდა განმეორდეს საქართველოში.

ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად. ყოველდღიურად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველო როგორმე ჩაებას რუსეთთან კონფლიქტში. ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება!

საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა,- ეს ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, რასაც აკეთებს უკრაინის მთავრობა. მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მე სრულიად ვიზიარებ უნგრეთის ხელისუფლების პოზიციას. კონკრეტულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების პათოსს, რომ უნგრეთი იცავს მისი ხალხის ინტერესს და რომ უკრაინის ომი მათი ომი არაა.

ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე. ახლა რომ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ორი თვის წინ რომ იგივე ეთქვა, უკრაინა ომს ასცდებოდა. ამდენი მსხვერპლი, ნგრევა, ამხელა უბედურება არ იქნებოდა და ჩვენ ასეთ ტრაგედიას უნდა ავაცილოთ ჩვენი ქვეყანა.

რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, მით უმეტეს ახლა, როცა უკრაინა ომშიაო- ეს „ნაცმოძრაობის“ ბოროტი პროპაგანდაა. ნაცმოძრაობას ომში ჩვენი ჩათრევა სურს და ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს. ეს არ უნდა დავუშვათ! ეს არ უნდა დავუშვათ!!!

გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც… და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც.

და სწორედ ახლა უნდა ველაპარაკოთ, შოლცის და მაკრონის პარალელურად, რომ ომს და უბედურებას ავცდეთ. ახლა უნდა ველაპარაკოთ, რომ მერე გვიან არ იყოს! ამიტომ ნუ ავყვებით ნაცმოძრაობას და მის პარტნიორ ზელენკის მთავრობას, რომელიც თავად რუსეთთან ლაპარაკობს, ჩვენ კი, ომში გვითრევს.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები