აი, ასეთი მძიმეა ხოლმე შედეგები, როცა არჩევნებს გააყალბებ, მერე პარლამენტს შეაკოწიწებ და ჯამში, საკანონმდებლო ორგანოს საბოლოოდ დაუკარგავ წონას და ავტორიტეტს. ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, „ქართულმა ოცნებამ“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ინაშვილის განცხადებითვე, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია უმოკლეს ვადებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
„ახლა მთავარ სათქმელზე. მე და ჩვენი გუნდი გულწრფელად ვწუხვართ და განვიცდით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს და მათი გულისტკივილის თანაზიარნი ვართ. სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ირგვლივ დღეს სრულიად უტაქტო, უზნეო და ძალზედ არაადამიანური დისკუსია მიმდინარეობს.სახეზეა მძიმე დაპირისპირება. ამავდროულად, შექმნილ ვითარებაზე უდაოდ პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, რომელმაც 5 ივლისს, ერთის მხრივ, ვერ უზრუნველყო ჟურნალისტთა (და არა მარტო ჟურნალისტთა) ფიზიკური უსაფრთხოება, მეორეს მხრივ კი, ბრალდებების ქარ-ცეცხლში გახვია მართლმადიდებელი ეკლესია.
სწორედ „ქართული ოცნება“ „დაუწვა“ ლგბტ-ლობისტებს და მთელი ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარ მხარდაჭერას აღუთქვამდა ლგბტ- პრაიდს, რამაც საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები და სრულიად დაუმსახურებლად საპარლამენტო ტრიბუნა მისცა ლგბტ პარტიებს, რომლებიც არანაირად არ იმსახურებენ ქართველი ხალხის ნდობას. პარლამენტში ამ წუთებში განვითარებული პროცესებიც იმისი შედეგია, რომ ამ პარლამენტს არც წონა აქვს და არც ავტორიტეტი. ამასთან ერთად, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ვერ გაქცევიან ამერიკული და ევროპული ორგანიზაციები, რომლებიც ჯიუტად ითხოვდნენ ლგბტ-პრაიდის ჩატარებას და არ ითვალისწინებდნენ საზოგადოების უდიდესი ნაწილის კატეგორიულ წინააღმდეგობას. რაოდენ მტკივნეულადაც არ უნდა ჟღერდეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნებისა“ (იმედი და რუსთავი-2) და სააკაშვილ-ბოკერიას მხარდამჭერი ტელეარხები არაობიექტურად აშუქებდნენ მოვლენებს და ხშირად ცილს სწამებდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, რამაც ბოლო თვეებში უმძიმესი კამპანიის სახე მიიღო.
კვლავ და კვლავ უნდა განვაცხადოთ, რომ პოლიტიკური პროცესების თანმდევი არ უნდა იყოს ტყუილი, სიყალბე, უზნეო კულუარული გარიგებანი, შანტაჟი და ძალადობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია უმოკლეს ვადებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ინაშვილმა.