ჩაერთვება თუ არა საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ვაქცინა “სინოფარმი”, იმ დრომდე, სანამ მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებს, იმუნიზაციის საბჭოზე განიხილავენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭო ხვალ ან ზეგ გაიმართება და მთავარი განხილვის საგანი სწორედ ეს საკითხი იქნება:
“ხვალ თუ არა ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო სამინისტროში და ეს საკითხი იქნება მთავარი განხილვის საგანი – დავიწყებთ თუ არა მანამდე “სინოფარმით” ვაქცინაციას, რადგან ამ ვაქცინით იმუნიზაცია დაწყებულია 40-ზე მეტ ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც “სინოვაკით”, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს.
მე რამდენჯერმე აგიხსენით, რომ ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, თავის მთავარ დანიშნულებას, რასაც ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება ჰქვია, ძალიან კარგად ასრულებს.” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში ჩამოვიდა. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც “სინოფარმი” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებდა.