იმპორტირებული ”ფრი” საქართველოში ადგილობრივით ჩანაცვლდება. კომპანია „ფრეკო“ გაყინული კარტოფილი “ფრის” წარმოებას იწყებს.
როგორც ”ფორტუნას” ”ფრეკოს” დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, საწარმოს მშენებლობა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში უკვე დასრულებულია, მალე კი საწარმოო ხაზების მონტაჟი დაიწყება. მისივე ინფორმაციით, კომპანიამ დანადგარების ნაწილი ევროპიდან გამოიწერა, ნაწილი კი-ჩინეთიდან ჩამოვა.
”წარმოების დაწყება დანადგარების დროულ ჩამოსვლაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ნოემბერში უკვე მზად ვიქნებით წარმოების დასაწყებად. პროდუქცია კი ბაზარზე მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება. საწყის ეტაპზე ჩვენი ”ფრის” რეალიზაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში განხორციელდება. ვგეგმათ, სავაჭრო ქსელებში შესვლასაც”, – აღნიშნა ქურდაძემ.
მისივე თქმით, ”ფრეკოს” ”ფრი” იქნება აბსოლუტურად ნატურალური, მისი ღირებულება კი კონკურენტუნარიანი. ”როგორც ბაზრის კვლევამ აჩვენა , ამ ეტაპზე საქართველოში ”ფრის” მწარმოებელი კომპანია არ არსებობს. ადრე იყო ასეთი რამდენიმე ე.წ. ”ცეხი”, თუმცა ნედლეულის არ ქონის გამო დაიხურა. ამიტომ, ბაზარზე ადგილობრივი კონკურენტი არ გვყავს. საქართველოში წარმოდგენილი ”ფრის” 100% იმპორტირებულია თურქეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან. ჩვენ სწორედ იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას ვაპირებთ”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
„ფრეკოს” უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს მთლიანად ნატურალურ პროდუქტს შევთავაზებთ, დანამატების გარეშე. გარდა ამისა, იმპორტულთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით იაფი იქნება, რადგან გაყინული ფრის ტრანსპორტირება სპეციალური ტრაილერებით ხორციელდება და ორჯერ ძვირი ჯდება. თან, ჩვენი საწარმო მაღალმთიან რეგიონშია და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს“, –აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.
მისივე თქმით, ”ფრეკო” საწყის ეტაპზე 100 ტონა პროდუქციას აწარმობს, მომდევნო წლებში კი ეს მოცულობა სამჯერ გაიზრდება.
“არის ”ფრის” სპეციალური ჯიში ”აგრია”, რომელიც ამ ეტაპზე ახალციხეში მოჰყავთ და ადგილობრივებისგან ჩავიბარებთ. ამასთან, კომპანიას აქვს თავისი მიწის ნაკვეთი სადაც ასევე მოჰყავს ”ფრის” კარტოფილი და საკუთარ ნედლეულსაც გამოვიყენებთ”- განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.
კომპანია სამომავლოდ ნატურალური ჩიფსების გამოშვებასაც გეგმავს.
ცნობისთვის, კომპანია „ფრეკომ“ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“, მიიღო. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი ლიზინგის პროგრამით ისარგებლა და 100 ათასი ლარის აღჭურვილობა შეისყიდა. საწარმოში ჯამში 300 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.