LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური წესდება 

114
ფქვილი

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართული ხორბლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ შეხვედრა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წისქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ. შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, შეჯერებული გადაწყვეტილების შედეგად, პურზე არსებული ფასი არ მოიმატებს.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ბიძინაშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატების ნაწილი დღესაც მუშაობს, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც გააქტიურდებიან, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხორბლის შეუფერხებელ დაბინავებას.