LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მშენებლობები – კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება“ – სეისმოლოგი

147
ლაშა სუხიშვილი

„იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მშენებლობები იწარმოებოდეს“, – ამის შესახებ სეისმოლოგმა ლაშა სუხიშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ამ თვალსაზრისით, კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და  მიმდინარე თემაზე ვრცლად ისაუბრა:

„მეც მეშინია დიდი მიწისძვრის…საშინელი შეგრძნებაა დაუცველობის და შევცვალოთ ამ ქვეყნის სამშენებლო პოლიტიკა” – რას წერს სეისმოლოგი

„ჩვენს შემთხვევაში კანონმდებლობა მორღვეულია, მაკონტროლებელი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, რადგან არ აქვს ვალდებულება, დეტალურად შეამოწმოს წარმოდგენილი კვლევები.

ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად სხვა უბნისთვის შესრულებული კვლევა, „დაკოპირებული“ სხვა უბანში და ამის საფუძველზე სამშენებლო ნებართვის მიღება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, არა მარტო თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც, ბათუმში და ა.შ. შეიძლება სამშენებლო ნებართვის მიღება ისე, რომ ხარისხიანი კვლევა არ ჩატარდეს“, – განაცხადა სუხიშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, მეზობელ ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრა საქართველოსთვის პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.

„ქვეყანას არ ჰყავს კვალიფიციური ინჟინრები ყველა მიმართულებით! სკოლა არ არსებობს, სადაც ამ მიმართულებით კადრი გაიზრდება!“ – თეა გოდოლაძე

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რა სიმძლავრის მიწისძვრაც არ უნდა მოხდეს მეზობელ ქვეყანაში, მიწისძვრამდე და მის შემდეგაც საქართველოში ხდება მიწისძვრები. ასე, რომ ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა სეისმოლოგმა.

ლაშა სუხიშვილის თქმით, რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება კონკრეტულ მიწისძვრას,  ამის პროგნოზირება რთულია.

როგორც სეისმოლოგმა აღნიშნა, თბილისი იმდენად პატარა ტერიტორიაა, რომ მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია.

„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი არის ძალიან რთული ადგილი, ცუდი გაგებით მრავალფეროვანი და კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამისთვის არის საჭირო ლოკალური კვლევები და ლოკალური შეფასებები.

ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა, გააჩნია, გრუნტი რა მდგომარეობაშია.

სამწუხაროდ, თბილისში არის პრაქტიკა, როცა სადღაც უბანში ერთი კვლევა არის ჩატარებული და მერე ყველა მშენებლობა იმ ერთ კვლევაზე მიებმება ხოლმე, ეს საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა.“ – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.