LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედმა” საკადრო ცვლილებები საზოგადოებას უნდა გაუმარტოს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”-საქართველო

123

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ტელეკომპანია „იმედს“ მოუწოდებს, საკადრო ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებას განუმარტოს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს :

„5 აპრილს ცნობილი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ საეთერო ბადეში მორიგი დაუგეგმავი ცვლილების შესახებ. როგორც არხის პოლიტიკური თოქ-შოუ „პოლიტიკის“ წამყვანი, შალვა რამიშვილი აცხადებს, დღეს ტელეკომპანია “იმედის” წერილის საფუძველზე შეწყდა არხსა და კომპანია შპს „აკორდს“ შორის არსებული ყველა ხელშეკრულების მოქმედება.

შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამზადებდა „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ და ასევე უზრუველყოფდა შალვა რამიშვილის მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში“.

რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიისგან მიღებული წერილის საფუძველზე ხელშეკრულება უწყდება აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე 50-ზე მეტ თანამშრომელს, რის შესახებაც წინასწარ შპს „აკორდი“ გაფრთხილებული არ ყოფილა. პროექტების თანამშრომლები ცდილობენ ვითარების გარკვევას, თუმცა პარასკევს შალვა რამიშვილი ვერ წაიყვანს გადაცემა „პოლიტიკას“, კვირას ეთერში არ გავა „ილო ბეროშილის შოუ“ , ჩერდება ახალი სერიალის გადაღების პროცესიც.

აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ სამაუწყებლო ბადესა და საკადრო პოლიტიკაში მოულოდნელი ცვლილებები ჟურნალისტების და შემოქმედებითი ჯგუფების გაუფრთხილებლად შეიტანა. გასული წლის ზაფხულში ასევე ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე არხმა დახურა ორი პოლიტიკური თოქ-შოუ.

ტელეკომპანია „იმედს“ ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე. ტელეკომპანია „იმედი“, როგორც კერძო კომპანია, სრულიად თავისუფალია არხის საქმიანობის, მისი საკადრო თუ საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვისას. თუმცა, როგორც საერთო ეროვნული მაუწყებელი, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ტელეკომპანიის მენეჯმენტს სათანადოდ განუმარტოს საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები