LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს გაუგებრობაა – რიტორიკაა ხანდახან საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ცუდი, რომ ჩვენს მიმართ ჩნდება უსამართლო ბრალდებები : თორნიკე შარაშენიძე უკრაინის დაზვერვაზე

140
თორნიკე შარაშენიძე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ „რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის“, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „გაუგებრობაა“, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საკუთარ კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა“. პოლიტოლოგი მმართველ გუნდს რიტორიკას უწუნებს და არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდეს.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის უკრაინის მხარდამჭერ ქმედებებში ჩართული, უკრაინაში იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები და ქართველი ხალხი ელჩის გაწვევას არ იმსახურებდა.

„მე მიჭირს წარმოვიდგინო რაში დასჭირდა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება იარაღის, თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის, რომც დავუშვათ, რომ საქართველოს მთავრობამ ამის თაობაზე რაღაც ნებართვა გასცა. არსებობს ჩინეთი, რომელიც სანქციების ქვეშ არ იმყოფება, რომელსაც არ ეშინია, რომ თუ გაატარებს რამე ტვირთს სანქციებს დაუწესებენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შეიძლება ბევრი რაღაც დაუწუნო, მაგრამ ძალიან ფრთხილები არიან ყოველთვის, რატომ უნდა დააყენონ თავიანთი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ იმის გამო, რომ ჩაერთონ მსგავს საქმიანობაში. იმედი მაქვს, რომ გაუგებრობაა, უკრაინული მხარეც გაერკვევა ამაში და დასრულდება ეს ბრალდება, რომელიც გაისმის სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოს მისამართით.

საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს რიტორიკა ნამდვილად დაეწუნებათ, მაგრამ ქმედებები რაც იყო განხორციელდა არცერთი არ იყო უკრაინის წინააღმდეგ მიმართული.

საქართველოსნაირ სიტუაციაში მყოფი ქვეყნები, არ შეერთებიან სანქციებს, ვგულისხმობ მოლდოვას და სხვა ქვეყნებს. არ არის ამის შესაძლებლობა არც ეკონომიურად ვართ დაცულები და არც უსაფრთხოების მხრივ. არც ნატოს წევრი ვართ და არც ევროკავშირის. შესაბამისად საქართველოს ვერ მოსთხოვს ვერავინ იმას, რასაც ვერ სთხოვენ სხვებს, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. რიტორიკაა ხანდახან საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ცუდი, რომ საქართველოს მიმართ ჩნდება შეკითხვები და მათ შორის უსამართლო ბრალდებები. მოლდოვას მიმართ შეკითხვები და ბრალდებები არ არის იმიტომ, რომ რიტორიკა ზომიერი აქვთ და ამაშია საქმე.

რამდენი ქართველი ომობს უკრაინაში და რამდენი რამ გაკეთდა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

ამ ფონზე არ მესმის რატომ გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეიძლება რიტორიკამ გააჩინა ეს განწყობა და ვიღაც ვიღაცები არ არის გამორიცხული უწყობდნენ ხელს. აწვეთებენ იქაურ მთავრობას, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, თქვენს წინააღმდეგ მუშაობს. არ არის გამორიცხული ამას საქართველოდან ცდილობდნენ.

ჩემი აზრით ქართველი ხალხი არ იმსახურებდა ელჩის გაწვევას“,- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები