LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი გვაქვს, ახალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან“ – კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

81
კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. როგორც მან პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო.

კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ისე არ დაინიშნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიას საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდეს.

„შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი და იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი წარიმართება სათანადოდ იმ ვადებში და ფარგლებში რაც არის გათვალისწინებული კანონით, იმიტომ, რომ აღნიშნული სამსახურები არის დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეს ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე, მაშინ, როცა ონლაინ არის ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია განთავსებული.

ჩვენ იმედი გამოვთქვით და იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელებად შერჩეულნი იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული არ იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა. 

ამასთან, ელჩის თქმით, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს, რომლითაც ლონდა თოლორაია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დამტკიცება/დანიშვნა არ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს“, – თქვა დეგნანმა. 

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი და ლელა ალფაიძე, ხოლო ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებად შეირჩნენ. მათგან პრემიერი ორ-ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს.