ისნის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილმა ტერორიზმში ბრალდებულმა ახმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ 2018 წლის 28 ოქტომბერს პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცლეებს. როგორც “ქრონიკის” ჟურნალისტი აღნიშნავს, მათ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვეს.
“ქრონიკის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ საქმის მასალებში არის ხმოვანი შეტყობინებაც, რომელსაც ამ საქმეში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილს უგზავნის. შეტყობინებაში მარგოშვილი მაჩალიკაშვილს პირადი მონაცემების გაგზავნას სთხოვს, რადგან “ევროპიდან სახლის საქირავებლად ფულია გადმოსაგზავნი”. ასევე ცნობილი გახდა იმ ბინის შესახებ, სადაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისში ჩამოსვლისას იქამდე ქირაობდნენ, ვიდრე ისანში, სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. ბინის მეპატრონემ “ქრონიკასთან” საუბარში დაადასტურა, რომ ბინაში თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა. ასევე ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ Wi-Fi იყო დაყენებული, რომლის პაროლიც “Temirlani”-ი იყო.
შვილის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამორიცხა.