LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, ყველას დავავიწყდი რომ მეც დაზარალებული ვიყავი – ლევან დადუნაშვილის დედა

137

„იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, რომ, მგონი ბოლო მომენტში, საერთოდ ყველას დავავიწყდი, რომ მეც დაზარალებული ვიყავი,“ – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

საყვარელიძის თქმით, თავდაპირველად, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით, როცა პროკურატურიდან დაუკავშირდნენ, რომ საქმეში დაზარალებულად ვინმე აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო, თანამშრომლობას დასთანხმდა.

როგორც ნათია საყვარელიძემ აღნიშნა, ის ადვოკატთან ერთად, საქმის მასალებს, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებსაც გაეცნო.

მოკლული მოზარდის დედის თქმით, მისი შვილი, ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტთან კავშირში არ ყოფილა და მკვლელობის ადგილზე შემთხვევით მოხვდა.

„ჩემი შვილი, ლევან დადუნაშვილი მომხდარ კონფლიქტში, შემიძლია ვთქვა, რომ არის მსხვერპლი, რა გაგებითაც შეიძლება არსებობდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. გინდა ბრმა დაარქვით, გინდა შემთხვევითი დაარქვით, მაგრამ არის მსხვერპლი. ბავშვი, რომელიც არანაირ შეხებაში არ ყოფილა მომხდართან არც სკოლაში, არც სკოლის შემდეგ მომხდარ კონფლიქტთან, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა.

„ლევანი ამ გზით ადიოდა სახლში, ჩვეულებრივად წამოვიდა სახლისკენ და შესულია შემთხვევით, ბოლო მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ჩხუბში ლევანი ბრმად არ შევიდოდა, ეტყობა, იქ ვინმე დაინახა, ძმაკაცი ან სკოლელი, მხოლოდ ამიტომ შეუხვია, ეს ჩემი აზრია. გამოძიებითაც ჩანს, რომ ბოლო მომენტშია შესული. იქ არ ვიცი, რა ქმედება არის განხორციელებული ლევანთან მიმართებით, რატომ მიუბრუნდა ლევანს დამნაშავე, არ ვიცი, შეიძლება მქონდეს ჩემი ვარაუდები,“ – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

“სასამართლოს ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა რომ გამოეყენებინა და გაეზიარებინა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ორივე ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა,” – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვისას, მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

ადვოკატმა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიმართ მისი და დაზარალებული ოჯახის უნდობლობის მიზეზები განმარტა.

მაღლაკელიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში ვარაუდებზე იყო ყველაფერი აგებული, მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ გამოუკვლევია სხეულზე არსებული დაზიანებები, არ უნახავს და ვერც ნახავდა, რადგან გვიან ჩაერთო საქმეში.

„მას შეეძლო, გამოეკვლია კანის პრეპარატები, რომელზეც ბრძანა, რომ ჩათვალა, არ იყო მისთვის ინფორმატიული. მაგალითად, მე და ყველა იურისტი დამოკიდებული ვართ, ძირითადად, სამხარაულის ექსპერტიზაზე. თავადაც ექსპერტია და ხშირად ატარებს ექსპერტიზებს. თუ მიგვაჩნია, რომ სამხარაულის ბიურო მოძველებული და არასაჭირო მეთოდებით მუშაობს, თუ ისეთ ნივთიერებაში ინახავენ მასალას, რომ შემდეგ აღარ გამოდგება, მაშინ ამ კუთხითაც განვახორციელოთ რაღაც ქმედება. თუმცა, რადგან ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ინახავენ მუდმივად და სხვა ექსპერტს არასდროს ამაზე პრეტენზია არ განუცხადებია, მე არ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ისეთ მასალაშია შენახული, რომ კვლევისთვის გამოუსადეგარი იყო,“ – განაცხადა მაღლაკელიძემ.