საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ტურიზმის სექტორის 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2024 წელს ვარაუდობს. აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრტნიორთან“ ფოდნის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი საუბრობს. ის ამბობს, რომ ეკონომიკაში ტურიზმის წილიდან გამომდინარე მისი ჩანაცვლება რომელიმე სხვა ინდუსტრიით ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იქნება.
„ტურიზმს მას ძალიან დიდი როლი აქვს. ვიმედოვნებთ, კრიზისი დროებითია და მომავალ წელს ის დასრულდება. როგორც კი ეს მოხდება, ველით, რომ სექტორის აღდგენა დაიწყება. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ შოკი, რომელიც ინდუსტრიამ მიიღო ცოტა უფრო გაჭიანურდება. 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას მხოლოდ 2024 წლისთვის ველით“,- აღნიშნა სელიმ ჩაკირიმ.
შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 75%-ით შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ უცხოეთის 57, 728 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენობრივად შემცირება 175,000-ს შეადგენს. წინა თვეებში ტურიზმის კლება საშუალოდ 90-95% იყო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (73%) სახმელეთო გზით შემოვიდა.