LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ კადრების გავრცელება, რომლებიც სააკაშვილის ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია: ზურაბიშვილი

137
სალომე ზურაბიშვილი

“დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისი ქცევის მიუხედავად.” – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ კადრების გავრცელება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაჯაროვდა, ღირსების და პატივის შემლახველია და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

“ყველა ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ინტერსს, მის სტაბილურობას და წინსვლას.

სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა – სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია და, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა, მიუხედავად ამისა მაინც ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან.

მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები