LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილო ბეროშვილის ღამის შოუ“ იწყება – მსახიობი კონკურენციისა და მეუღლის შესახებ: „ოჯახი მაძლევს ძალას, ვიბრძოლო…“

537
ილო-ბეროშვილი

„მთავარ არხზე“ ხვალიდან, 16 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, ახალ იუმორისტულ შოუს – „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“  იხილავთ.

Fortuna.ge-სთან შოუს წამყვანმა, ილო ბეროშვილმა გადაცემის ფორმატზე ვრცლად ისაუბრა და აქტუალურ შეკითხვებსაც ამომწურავად გასცა პასუხი.

იუმორისტული გადაცემის ფორმატი უკვე განსაზღვრული გაქვს? მით უმეტეს, როცა ასეთი კონკურენციაა, საინტერესოა, როგორი იქნება შენი შოუ „მთავარ არხზე“…

ილო ბეროშვილი:

„ილო ბეროშვილის ღამის შოუ“ – ასე ერქმევა ჩვენს გადაცემას. სხვა შოუების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ხალხის შესაფასებელია. რაც შეეხება ჩვენს შოუს, რომელსაც ვიწყებთ – დიდი იმედებით ვარ. მინდა, ძალიან კარგი და ხარისხიანი გამოვიდეს. ადამიანები გზადაგზა ბევრ რამეს ვსწავლობთ. ზოგადად, რისკიანი ადამიანი ვარ. მინდა, ექსპერიმენტებსაც მივმართოთ და არ ვაკეთოთ მხოლოდ ის, რაც გარანტირებულად რეიტინგულად არის მიჩნეული. უნდა ვნახოთ, რას მიიღებს მაყურებელი. გვაქვს იდეები იმ ადამიანებს, ჯგუფს, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობს. ვთანამშრომლობთ Ccorporation-თან. ერთად ვცდილობთ, შევქმნათ ბუნებრივი შოუ, რაც წამყვანის გულწრფელობის გარეშე ალბათ, გამორიცხულია. ზოგადად, ძალიან რთულია ადამიანის გულით გაცინება. ვფიქრობ, ასეთ დროს თავად უნდა იყო ორგანული და შენს თავთან გულწრფელი. მაყურებლისთვის მისაღები უნდა იყო… იმისთვის, რომ სხვას ასიამოვნო, თავადაც უნდა გსიამოვნებდეს.

ჩვენს შოუში ახალი შესაძლებლობების საშუალებაა, ანუ მუსიკალური ნაწილის მხრივ მაყურებელს შევთავაზებთ სიახლეს, ეს არ იქნება ბენდი, მაგრამ ვინ იქნება, მაყურებელი გადაცემიდან გაიგებს. გვექნება სტუმრებთან ერთად უამრავი სახალისო თამაში. ვფიქრობ, სტუმარს კომფორტის ზონა უნდა შევუქმნათ, რომ მაქსიმალურად ლაღად იგრძნოს თავი. თამაშებს სტუმრებს მოვარგებთ.

სცენარისტებთან და მთლიანად ჯგუფთან ერთად ჩართული ვიქნები იმაში, რომ რაც ჩემია, ის უფრო მეტად წამოვწიოთ წინ.

ვნახოთ, რა გამოვა…

ილო, შეთავაზება ცაიტნოტში მიიღე, როცა ვანო ჯავახიშვილმა დატოვა არხი. ადვილად დათანხმდი ამ შეთავაზებას? და თუ ახლავს უფრო მეტი ღელვა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა?

მე, ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ბევრს ვნერვიულობ. აგერ კალათბურთის ყურებისას რაც მე ნერვები დამაწყდა, შეიძლება, ხუთი წლის სიცოცხლე წამერთვა (იღიმის). ერთი რამ მინდა ვთქვა, კამერასთან და კამერის გარეშე ძალიან განვსხვავდები, სულ სხვანაირი ადამიანი ვარ, როგორც კი კამერა ირთვება, სხვა ადამიანი ვხდები. ამით იმას არ ვამბობ, რომ კამერის მიღმა სულ მოწყენილი ვარ, მაგრამ ასეც რომ იყოს, ამას მაყურებელი ვერ იგრძნობს, ყველაფერი მავიწყდება… კომფორტის ზონაა ჩემთვის, როცა ყურადღების ცენტრში ვარ.

რა თქმა უნდა, ვღელავ, ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია ასე სწრაფად გადაცემის დაწყება. ძალიან მონდომებულები ვართ. ზოგადად, „მთავარი არხი“ დაარსების დღიდან რეალურად ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. რაც ჩვენ გადავიტანეთ, ამდენი არავის გადაუტანია – ამდენი ემოცია, წინაღობა და გამოწვევა, ახლა ნიკა გვარამია საერთოდ ციხეშია… არ არის ადვილი…

როცა დამირეკეს და შემომთავაზეს იუმორისტული შოუს გაკეთება, უკვე ვიცოდი, რომ ვანო ჯავახიშვილი არხიდან მიდიოდა. მითხრეს, რომ ჩემებურად უნდა გამეკეთებინა. ერთი დღე დამჭირდა დასაფიქრებლად. არხს ისეთი გამოწვევები აქვს, მაქსიმალურად არის საჭირო გვერდში დადგომა.

აშშ-ში უამრავი იუმორისტული შოუა, მათ შორის განსხვავებულია წამყვანები და მათი ინდივიდუალური თვისებები – ზოგი აქცენტს აკეთებს თამაშებზე და მუსიკალურ ნაწილზე, ზოგი მონოლოგებსა და სთენდაფებზე. ყველა ბედნიერად თანაარსებობს. ვანოს თავისი ადგილი აქვს და მე ჩემი ადგილის დაკავება მინდა.

რაც შეეხება მის წასვლას, მან მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება. ამ გუნდში 15 წელი იყო. ის დიდი პროფესიონალია. როცა ამდენი წელი გაქვს ერთ-ერთი მთავარი შოუ, ეს ავტომატურად მეტყველებს, რომ საქმის პროფესიონალი ხარ. მან ლამის ერთი თაობა გამოიცვალა და მაყურებელიც მას შეეჩვია, მაგრამ სიახლის მიღებაც საინტერესოა. როგორც თავის დროზე ვანომ დაიწყო, ასევე ვიქნებით ჩვენც. ეს არ იქნება შოუ, რომელიც „ვანოს ჩაანაცვლებს“. აბსოლუტურად სხვა ჟანრის იქნება. არ იქნება პოლიტიზებული, თუმცა საქართველოში პოლიტიკური ხუმრობის გარეშე ალბათ გამორიცხულია. მაქსიმალურად გართობაზე იქნება ორიენტირებული, ჩართული გვექნება გასვლის მომენტებიც, სტუმარიც შეიძლება, უცებ ხალხში აღმოჩნდეს ჩვენთან ერთად.

ოჯახზე მინდა გკითხო – ვიცი, რომ შენი მეუღლე მხარში გიდგას ყველა მიმართულებით, დღესაც, როცა ახალ საქმეს იწყებ, ალბათ, ის შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი ადამიანია ერთი ბიზნესმენი, მის სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი. ერთხელ მეუღლის შესახებ ვკითხე და აღნიშნა, რომ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ბევრი რამ მაქვს კიდევ მისაღწევი, მაგრამ რომ არა ანი, ემოციურადაც, პრაქტიკულადაც ძალიან გამიჭირდებოდა. ძალის მომცემია და მავსებს. როცა ანი ცალკე იყო და მე – ცალკე, ისე ვერ ვიყავით… როცა ოჯახი ერთად ვართ და ვერთიანდებით, ვგრძნობთ, რომ სულ სხვაა.

კიდევ ერთი გამაერთიანებელი ანის მუცელში ზის…

მეოთხე შვილს ველოდები… ის კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს, ჯერისთან ერთად. როგორი გამოწვევებიც არ უნდა იყოს ჩემს ცხოვრებასა თუ საქმიანობაში, ყველგან აკუმულატორი არის ჩემი ოჯახი – ის მაძლევს ძალას,  გავუმკლავდე პრობლემებს, თავი შევიკავო, როცა ეს საჭიროა და ბოლომდე ვიბრძოლო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი