3 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ფორუმს „თბილისის პიარის დღეები“ მეორედ უმასპინძლებს.
PR და ხელოვნური ინტელექტი – ეს ის თემაა, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ყურადღებას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპიკერები გაამახვილებენ.
„ფორტუნა“ ფორუმის დამფუძნებელს თინათინ იმერლიშვილს ესაუბრა:
– სტრატეგიული კომუნიკაციების სფერო საქართველოში რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა და დღითი დღე ვითარდება. უამრავი წარმატებული და შემდგარი სპეციალისტი გვყავს, რომლებიც, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის ღირებულ ისტორიას ქმნიან, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობით შეძენილი გამოცდილებით დარგის განვითარებას უწყობენ ხელს.
სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს მხარდასაჭერად, სწორი შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად გასულ წელს, მე და ჩემმა თანაკურსელებმა, ნატალია ავლოხაშვილმა და ნათია შაფათავამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან თორნიკე გურულთან ერთად დავაარსეთ ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“. პირველი ღონისძიება 2022 წელსვე ჩავატარეთ, რომელიც კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისებს მივუძღვენით.
ეს არის ღონისძიება, რომლის თითოეულ დეტალსაც გუნდის წევრები დიდი ყურადღებით ვეკიდებით და გვინდა, ის ემოცია, რომელსაც ამ პროექტზე მუშაობის დროს განვიცდით სხვებსაც გავუზიაროთ. ფორუმის მიზანია შექმნას დამაკავშირებელი ხიდი საერთაშორისო დონეზე წამყვან და დამწყებ სპეციალისტებს შორის და ისინი ყოველწლიურად აქტუალური თემების გარშემო გააერთიანოს.
– რა მოლოდინი გაქვთ წლევანდელ ფორუმთან დაკავშირებით, რით იქნება ის საინტერესო დამსწრეებისთვის?
– ფორუმით დაინტერესება წელსაც ისეთივე მაღალია, როგორც შარშან იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი ტიპის ღონისძიებების საჭიროებას საქართველოში.
ფორუმის წლევანდელ თემად შერჩეული გვაქვს „PR და ხელოვნური ინტელექტი“. სტრატეგიული კომუნიკაციების სფერო მდინარესავითაა, რომელსაც ფონის მოსაძებნად სხვადასხვა მხრიდან უნდა მიუდგე. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ცხოვრებამ, ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაჩენილმა არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ ჩვენს დარგში მის როლზე სპეციალისტებთან ერთად მსჯელობისკენ გვიბიძგა. შესაბამისად, წლევანდელი სპიკერები საზოგადოებაში დამკვიდრებულ და გავრცელებულ მოსაზრებებს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას მოარგებენ და თავისებურ ხედვას წარმოგვიდგენენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს პროექტის განხორციელებისთვის გუნდის გაზრდა, კოორდინატორების დამატება მოგვიწია.
– ვინ იქნებიან წლევანდელი სპიკერები და კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრებენ ისინი?
– წლევანდელი ფორუმის სპიკერები იქნებიან როგორც საერთაშორისო, ისე ქართული კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენი გეგმა ასეთი გახლავთ:
I პანელი – საერთაშორისო ნაწილი – სამუშაო ენა ინგლისური:
- ნიკოლო აუგუსტო მანიკა – გიზმას უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა (ესპანეთი მადრიდი). თემა: „ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა მარკეტინგში“.
- მაკ მარსონი – ამბროსია ქონსალთინგის თანადამფუძნებელი (საფრანგეთი). თემა: „საკონსულტაციო კომპანიები და ხელოვნური ინტელექტი“.
- გიორგი არველაძე – საერთაშორისო კომპანია Xtar, ბიზნესის ზრდის განვითარების ხელმძღვანელი. თემა: „AI, როგორც ყოველდღიური პროცესების მართვის ეფექტური ხელსაწყო“.
II პანელი – ქართული ნაწილი – სამუშაო ენა ქართული:
- ნინი მოსიაშვილი – helio.ai, აღმასრულებელი დირექტორი. თემა: „ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაცია – ნეირო რევოლუცია“.
- გიგი გიორგაძე – სქილვილი, აღმასრულებელი დირექტორი. თემა: „სხვა არჩევანი აღარც გვაქვს“.
- ირაკლი ბესელიძე – სტარტაპ CALEN AI-ის დამფუძნებელი. თემა: „ხელოვნური ინტელექტი ბრენდინგში“.
- გიორგი (ქუცა) რუხაძე – ქოფირაითერი, ლექტორი. თემა: „ბუნებრივი ინტელექტი“.
– როგორც ვიცით, ფორუმის მონაწილეებს ჯეიმს გრუნიგის მოსმენის საშუალებაც ექნებათ. ორიოდ სიტყვა ამ პიროვნებისა და მისი საქმიანობის შესახებ.
– დოქტორი ჯეიმს გრუნიგი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს ლეგენდაა. იგი პიარის მამად იწოდება და ისეთივე სამაგალითოა, როგორც მარკეტინგში კოტლერი ან რეკლამირებაში ოგილვი. გრუნიგს სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ უამრავი თეორია ეკუთვნის, ავტორია 250-ზე მეტი სტატიის, წიგნისა და მოხსენების. მისი წიგნებით სწავლობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ცხადია, საქართველოშიც.
რაც შეეხება გრუნიგის ფორუმში მონაწილეობას, ფორუმის საერთაშორისო ნაწილს ჩვენი გუნდიდან ნატალია განაგებს, საერთაშორისო სპიკერებთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებს, შესაბამისად, სწორედ მას ერგო დოქტორ ჯეიმსისთვის მიწერის პატივი. გულწრფელად გითხრათ, არ გვჯეროდა, რომ უბრალო ახალგაზრდებს გვიპასუხებდა. ყოველდღიურად ვამოწმებდით ფოსტას, რაღაც მომენტში იმედიც კი გადაგვეწურა. მაგრამ თურმე ცდას ყოველთვის აქვს აზრი! დოქტორ ჯეიმს გრუნიგმა ნატას უპასუხა, მადლობა გადაგვიხადა ამ წამოწყებისთვის და ფორუმში ჩართვაც ოფიციალურად დაგვიდასტურა. ჩვენს ემოციებს ვერც კი აღგიწერთ, ვიტირეთ კიდეც. გულწრფელად მჯერა, ეს ისტორიული მოვლენა საქართველოზე წარუშლელ კვალს დატოვებს.
– კონკრეტულად სად ჩატარდება ფორუმი და იქნება თუ არა მასზე დასწრება თავისუფალი?
– „თბილისის პიარის დღეები 2023“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (ვაკის პარკთან) ჩატარდება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ველოდებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აქვე დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ფორუმს მხარს უჭერს და გვერდით გვიდგას.